ბავშვი ერთ წლამდე

ზოგადი რჩევები

ესაუბრეთ თქვენს ჩვილს, თქვენი ხმა მას ამშვიდებს. როცა თქვენი ჩვილი ხმებს გამოსცემს, უპასუხეთ იგივე ბგერების გამეორებით, მაგრამ დაუმატეთ სიტყვებიც. ეს მას დაეხმარება მეტყველების დაწყებაში. წაუკითხეთ ბავშვს, ეს დაეხმარება მას სამეტყველო სიტყვების გაგებასა და განვითარებაში. უმღერეთ.   დაუკარით მუსიკა, ეს მას დაეხმარება მუსიკის და მათემატიკის სიყვარულში. შეაქეთ თქვენი ჩვილი და გამოხატეთ ყურადღება სიყვარულით.

გაატარეთ დრო ბავშვთან ერთად, ჩაიხუტეთ და აიყვანეთ ხელში, ეს მას დაეხმარება თავი იგრძნოს დაცულად და უსაფრთხოდ.

საუკეთესო დრო ბავშვთან სათამაშოდ არის ის პერიოდი, როცა ფხიზელია და მშვიდი. დაკვირდით ბავშვს, რომ არ გამოგრჩეთ, როდის არის დაღლილი და მოუსვენარი, რომ თქვენც დაისვენოთ.

მშობლის როლი საკმაოდ რთულია და დამღლელი. იზრუნეთ საკუთარ თავზეც, როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად და ემოციურად. უფრო ადვილია შვილზე ზრუნვა, როცა შენც კარგად გრძნობ თავს.

რჩევები მეტყველების განვითარების ხელშეწყობისთვის

მშობელი ბავშვს დაბადებიდანვე ხშირად უნდა ესაუბროს, მოუყვეს ზღაპრები და მოთხრობები, მოასმენინოს მუსიკა, წაუკითხოს წიგნი; მიზანშეწონილია დასურათებული წიგნების გამოყენება.

ბავშვთან საუბარი უნდა იყოს ნელი, მშვიდი, ინტონაციებით მდიდარი და ალერსიანი.

მშობლემა უნდა ყურადღება მიაქციოს ისეთ საშიშროების ნიშნებს, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა დაავადების მიზეზი იყოს – ბავშვი არ ბრუნდება ხმაურის მიმართულებით, ხშირად იფარებს/იდებს ყურზე ხელს. ასეთ შემთხვევებში საჭიროა ექიმთან ვიზიტი. 

რჩევები მოტორული განვითარების ხელშეწყობისთვის

მოტორული განვითარება ბავშვის უნარია, სხვადასხვა ჯგუფის კუნთების საშუალებით შეასრულოს ესა თუ ის მოძრაობა. ცალკეული აქტივობა არა მხოლოდ ერთი უნარის განვითარებას უწყობს ხელს, არამედ მოქმედებს ერთდროულად რამდენიმეს ჩამოყალიბებაზე.

ბავშვს უნდა მიეცეს სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის და გაშლილ სივრცეში მოძრაობის შესაძლებლობა

მსხვილი მოტორიკის განვითარებისთვის მშობელმა უნდა მისცეს ბავშვს ცოცვის, ხოხვის, აძრომის, სიარულის საშუალება. ნატიფი მოტორიკის განვითარებისთვის კი – ხატვის, პლასტელინით (ცომით), კუბებით თამაშის საშუალება.

ასაკის შესაბამისად უნდა შესთავაზოთ სხვადასხვა საგანი და სათამაშო, რათა ხელი შეეწყოს მისი მოძარობების წახალისებას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ბავშვთან ერთად შეასრულოს სხვადასხვა აქტივობა. Aამ დროს მშობელი უნდა ესაუბროს მას, განუმარტოს თუ რას აკეთებენ, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვს ისწავლოს სხვადასხვა მოქმედებისა და საგნების დასახელება. მოტორული სფეროს განვითარებისა და თვითმომსახურეობის ჩვევის ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ აქტივობებს, რომლებიც მოითხოვს ხელის მტევნებისა და თითების, ხელებისა და ფეხების აქტიურ მოქმედებას, ასევე ხელ-თვალის კოორდინაციას. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ჩაცმა, ბანაობა, საჭმლის მომზადება, ჭამა, ხატვა, ძერწვა, წერა, სხვადასხვა თამაში, ხოხვა, ცოცვა, სირბილი, ხტუნვა. 

რჩევები სენსორული ჩვევების განვითარებისთვის

ბავშვის გრძნობათა ორგანოების განვითარება ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში იწყება, იგი დაბადების პირველი წუთებიდანვე იწყებს სამყაროს აღქმას, ხედავს, ესმის, შეიგრძნობს სუნს, გემოს, შეხებას.

მშობელმა დაბადებიდანვე უნდა დაიწყოს ბავშვის გრძნობათა ორგანოებისა და სენსომოტორული ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და ასაკის გათვალისწინებით თანმიმდევრულად შესთავაზოს მას სხვადასხვა აქტივობები.

მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ახალშობილი ყველაზე უკეთ 20-25 სანტიმეტრის მანძილზე ხედავს. უფროსმა უნდა წაახალისოს ბავშვის მხედველობის განვითარება ხელშემწყობი გარემო პირობების შექმნით – ჩამოუკიდოს სხვადასხვა ფერის და ფორმის სათამაშო, დაათვალიერებინოს დასურათებული წიგნები და გარემო და სხვ. მას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რომ აუცილებელია ბავშვის მხედველობისა და სმენის პერიოდული შეფასება სპეციალისტის მიერ.

შეხება ახალშობილისთვის გარესამყაროს შესახებ ინფორაციის მიღების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. მშობელი ხშირად უნდა შეეხოს ბავშვს, მოეფეროს, აიყვანოს ხელში. არ შეიძლება ბავშვის უხეშად შენჯღრევა, რასაც შეიძლება მოყვეს სხვადასხვა სახის დაზიანება.

ახალშობილი განსაკუთრებულ ინტერესს ადამიანის ხმის მიმართ იჩენს. ამიტომ მშობელი ხშირად უნდა ესაუბროს, წაუკითხოს ბავშვს. 

რჩევები სოციალური და ემოციური სფეროს განვითარებისთვის

სოციალურ-ემოციური სფერო განსაზღვრავს ბავშვის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებას და ადამიანებთან ურთიერთობას. იგი მოიცავს ბავშვის უნარს შეძლოს საკუთარი გრძნობების გაგება და გამოხატვა, სხვათა გრძნობების გაგება (თანაგრძნობა) და შესაფერისად რეაგირება.

მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვთან დაბადებიდანვე უნდა დაამყაროს შესაბამისი ურთიერთობა, რითაც თავად უნდა შეუწყოს ხელი მისი სოციალური ჩვევების განვითარების სწავლებას და ემოციების რეგულირებას. ბავშვის ემოციური სამყარო სრულად დამოკიდებულია ოჯახის წევრებს შორის არსებულ ურთიერთობებზე. თუ ოჯახის წევრები გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ სითბოს და სიყვარულს, ბავშვიც ბედნიერია და პირიქით, თუ ოჯახში დაძაბულობაა, ბავშვს ხშირად უწევს სხვადასხვა პრობლემის გამო ჩხუბის და გაბრაზებული მშობლების ყურება, იგი უბედური, გულჩათხრობილი და კარჩაკეტილია.

მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მშვიდი და წყნარი გარემოს უზრუნველყოფა, რაც ხელს უწყობს მათი ემოციების დარეგულირებას.

ბავშვს უნდა მიეცეს შესაძლებლობა გამოიკვლიოს გარემო. შეეხოს სხვადასხვა ნივთებს, შინაურ ცხოველებს. თუ მშობელს ეშინია მწერების, ამ დროს მან თავი უნდა შეიკავოს საკუთარი ემოციების გამოხატვისგან.

ხანგამოშვებით აუცილებელია ბავშვის მარტო დატოვება, რათა მან შეძლოს საკუთარ თავთან თამაში და მიეჩვიოს მარტო ყოფნას. ეს ხელს უწყობს დამოუკიდებლობისა და საკუთარ თავში რწმენის ჩამოყალიბებას. საკუთარ თავთან თამაშის შემდეგ, ბავშვი შეაქეთ და დაასაჩუქრეთ.

უფროსმა თავად უნდა შეუწყოს ხელი ბავშვის სოციალურ ურთიერთობებს სხვა ბავშვებთან, შეაქოს და დაასაჩუქროს, როცა ბავშვი ერთვება სხვებთან თამაშში, გამოხატავს სხვა ბავშვების მიმართ კეთილგანწყობას, ესმის მათი ემოციები.

თუ ბავშვი აგრესიულია სხვა ბავშვების მიმართ, უტყამს, უყვირის, აუცილებელია მის მიმართ საყვედურის გამოთქმა. თუ ბავში ძალიან გაბრაზებულია თავის მეგობრებზე და არ ჩერდება, უფროსმა უნდა მოაცილოს მათ. მოგვიანებით უნდა ასწავლოს სხვადასხვა გზა, როგორ გამოვიდეს არასასურველი სიტუაციიდან. Mმაგ. სთხოვოს დახმარება უფროსს, ან შეწყვიტოს თამაში თუ მას არ მოსწონს. თუ რომელიმე სათამაშოა უსიამოვნების მიზეზი, უფროსმა დროებით უნდა გამოართვას ბავშვებს იგი, როცა ცოტა ხანში დაუბრუნებს, ბავშვები უკვე მზად არიან შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება მის მიმართ.

არ შეიძლება უფროსმა დაარტყას, უჩქმიტოს, თმები მოქაჩოს და ა.შ., იმისთვის, რომ ასწავლოს მას რამდენად ცუდია ასეთი საქციელი და რას გრძნობენ ამ დროს ის ბავშვები, რომელსაც პატარა ურტყამს. უმჯობესია, როცა ბავშვი დაწყნარებულია, ჰკითხონ მას ,,შენ ვინმემ ხომ არ დაგარტყა, რა იგრძენი ამ დროს, გეტკინა?’’, ,,როგორ ფიქრობ შენს მეგობარსაც ასე ეტკინა შენ რომ დაარტყი?’’

თუ ბავშვი მშიშარაა და ,,დედის კალთას’’ არ სცილდება, აუცილებელია მასთან მუშაობა, იმისთვის რომ იგი შეეჩვიოს დედისგან განცალკევებას. ბავშვს უნდა აგრძნობინოთ, რომ ის კარგად იქნება მაშინაც, როცა მშობლებისგან განცალკევებულია. ,,შენ დღეს ძალიან კარგი დღე გექნება, ძალიან კარგად იქნები უჩემოთ. ’’უფროსმა ყოველთვის უნდა უთხრას ბავშვს, როდის დაბრუნდება მასთან და ეს დაუკავშიროს მისთვის ადვილად გასაგებ მოვლენას: ,,მე დავბრუნდები საუზმის შემდეგ”, ასეთი დამოკიდებულება ხელს უწყობს ბავშვს დროის შეგრძნების განვითარებაში.

სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანია მშობლებმა კარგი მაგალითი აჩვენონ ბავშვს როგორც ერთმანეთთან, ისე ოჯახის სხვა წევრებთან და თავის მეგობრებთან ურთიერთობაში. 

თამაში

ბავშვისთვის თამაში მხოლოდ გართობა არ არის, თამაში მისი გონებრივი, მოტორული განვითარებისა და სამყაროს შეცნობის აუცლებელი პირობაა. მშობელმა უნდა იცოდეს, რა პრინციპებით ისარგებლოს ბავშვის თამაშის ხელშეწყობისთვის.

მშობელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვი სათამაშოებით.

სათამაშოები და თამაშის სხვადასხვა სახეობა უნდა შეირჩეს ასაკის გათვალისწინებით. სათამაშო უნდა იყოს უსაფრთხო. ბავშვი ღიზიანდება თუ ერთდროულად ბევრ სათამაშოს მიაწვდიან. ერთი და იგივე სათამაშო ბავშვისთვის მოსაბეზრებელია. მაღალტექნოლოგიური სათამაშოები აბნევს მცირე ასაკის ბავშვს და ზღუდავს მისი წარმოსახვის უნარს.

ბავშვისთვის მნიშვნელობა არა აქვს სათამაშოს ღირებულებას, იგი კარგად ერთობა თვითნაკეთი სათამაშოებითაც.

ბავშვი უსაფრთხო გარემოში უნდა თამაშობდეს. სასურველია უფროსი ჩაერთოს ბავშთან თამაშის პროცეში, თუმცა არ უნდა შეასრულოს ლიდერის როლი.

ტირილი

ახალშობილი და ჩვილი ბავშვები თავის მოთხოვნილებებს მხოლოდ ტირილით გამოხატავენ, ამიტომ ხშირად ტირიან და ეს პრობლემა განსაკუთრებით აღელვებთ მშობელბს.

მშობელმა უნდა იციდეს, რომ ბავშვის ტირილს სხვადასხვა მიზეზი და განსხვავებული ხასიათი აქვს. დაკვირვებულ მშობელს ადვილად შეუძლია ბავშვის ტირილის მიზეზის დადგენა.

6 თვემდე ბავშვის ტირილზე უფროსს მყისიერი რეაქცია უნდა ჰქონდეს.

მშობელმა უნდა გამოარკვიოს ბავშვის ტირილის მიზეზი და დააკმაყოფილოს მისი მოთხვნა (თუ შია – აჭამოს, თუ ჩასველებულია – გამოუცვალოს, თუ უფროსთან ურთიერთობა სურს – აიყვანოს, მოეფეროს და დაამშვიდოს).

მშობელი ბავშვს ხშირად უნდა მოეფეროს, მაშინაც კი, როცა ბავში არ ტირის, რათა ბავშვის ტირილი უფროსთან ურთიერთობის ერთადერთ ხერხად არ გადაიქცეს.

მშობელმა უნდა იცოდეს, რომ 1-3 თვის ასაკში ზოგიერთი ბავშვის ტირილის ხშირი მიზეზია ,,კოლიკა” – ხანგრძლივი ტირილი, დღის ერთი და იგივე მონაკვეთში, რომელიც მუცლის ტკივილის შთაბეჭდილებას ტოვებს. 

ტუალეტის ჩვევა

საჭიროა ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბებაზე ადრეული ასაკიდან იზრუნოთ.

8-9 თვის ასაკში გადაყენებას მექანიკური ხასიათი აქვს. ბავშვი ვერ გრძნობს შარდის ბუშტის სისავსეს და ვერ აგებინებს უფროსს, როდის უნდა გადაყენება.

დეფეკაციის და შარდვის კონტროლის უნარის ჩამოყალიბება 18-24 თვიდან იწყება და ბავშვი მზად არის გადაყენებისთვის თუ:

  • მისი საფენი 2-3 საათი მშრალია
  • არ სიამოვნებს ჭუჭყიანი საფენის დანახვა
  • ასრულებს უფროსის მარტივ მოთხოვნებს მაგ. ,,მოდი’’, ,,აიღე’’, ,,მომეცი’’

აღნიშნული პერიოდი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვი მიაჩვიონ ქოთნის გამოყენებას.

ბავშვი ქოთანზე უნდა დასვან ყველა ჭამისა და გაღვიძების შემდეგ, ასევე დაძინების წინ. არ არის რეკომენდებული ქოთანზე ბავშვის დიდხანს გაჩერება.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ზოგი ადვილად სწავლობს ქოთნის გამოყენებას, ზოგი ძნელად.

იშვიათი “მარცხი” დასაშვებია 5 წლამდე, განსაკუთრებით თუ ბავშვმა ბევრი სითხე დალია, ან ძალიან გაერთო თამაშით. 

უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

მშობელს უნა ახსოვდეს, რომ ბავშვს განვითარებისთვის უსაფრთხო გარემო ესაჭიროება. ბავშვის ბანაობის, ძილის, თამაშისა და მანქანით მგზავრობის დროს უფროსმა უნდა დაიცვას უსაფრთხოების წესები, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის უსაფრთხოებას და დაიცვას იგი დაზიანებისგან.

მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვს ასაკის მატებასთან ერთად მეტი ყურადღება ესაჭიროება. უსაფრთხოების წესების დაცვა ტრავმების და სხვა დაზიანების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა.

  • ბავშვის საწოლი უნდა იყოს უსაფრთხო.
  • ერთ წლამდე არ შეიძლება ბალიშის გამოყენება.
  • ბანაობის დროს უნდა გაიზომოს წყლის ტემპერატურა.
  • აბაზანაში არ შეიძლება ბავშვის მარტო დატოვება.
  • წამლები, ელექტრომოწყობილობა, ბასრი და წვრილი ნივთები, ქიმიური საშუალებები ბავშვისთვის ხელმიუწვდომელი უნდა იყოს.
  • არ შეიძლება ბავშვის მარტო დატოვება შინაურ ცხოველებთან და მცირე ასაკის და-ძმასთან.
  • ბავშვის კვებამდე უნდა შემოწმდეს საკვების ტემპერატურა.
  • მანქანით მგზავრობისას საჭიროა სპეციალური სკამის გამოყენება, არ შეიძლება მანქანაში ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება.
  • არ არის რეკომენდებული ბავშვის მზეზე დიდხანს გაჩერება, სეირნობისას უმეთვალყურეოდ დატოვება და სხვა.