ბავშვი 1-დან 2 წლამდე

ზოგადი რჩევები

  • წაუკითხეთ ყოველდღე თქვენს პატარას.
  • სთხოვეთ გიპოვოთ საგნები ნახატზე ან დაასახელოს საგნები და სხეულის ნაწილები.
  • ითამაშეთ დასაჯგუფებელი თამაშები, მაგალითად ფორმის მიხედვით ან მარტივი ასაწყობები.
  • წაახალისეთ ახალი საგნების და მოქმედებების გამოყენებისთვის.
  • ილაპარაკეთ მასთან ერთად და დაასრულეთ სიტყვები, რომ დაეხმაროთ ენის ამოდგმაში, მაგალითად როცა ის ტიტინებს “ბო-ბო”, თქვენ უპასუხეთ: “ხო, სწორია, ეს არის ბოთლი”.
  • ხელი შეუწყვეთ ბავშვის დამოუკიდებლობის განვითარებას ჩაცმასა და ჭამაში დახმარებით.
  • წაახალისეთ ბავშვის ცნობისმოყვარეობა და ჩვეულებრივი საგნების ამოცნობის უნარი, ერთად დაათვალიერეთ პარკი ან იმგზავრეთ ავტობუსით.

რჩევები მეტყველების განვითარების ხელშეწყობისთვის

მშობელი ბავშვს დაბადებიდანვე ხშირად უნდა ესაუბროს, მოუყვეს ზღაპრები და მოთხრობები, მოასმენინოს მუსიკა, წაუკითხოს წიგნი; მიზანშეწონილია დასურათებული წიგნების გამოყენება.

ბავშვთან საუბარი უნდა იყოს ნელი, მშვიდი, ინტონაციებით მდიდარი და ალერსიანი.

ბავშვი ლაპარაკს მიბაძვით სწავლობს. ამიტომ მოზრდილი მას უნდა ესაუბროს სწორად და გამართულად, უნდა გამოიყენოს მარტივი ენა და საინტერესო სასაუბრო თემები და მისცეს ბავშვს დრო აზრის ჩამოყალიბებისთვის.

მშობლემა ყურადღება უნდა მიაქციოს ისეთ საშიშროების ნიშნებს, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა დაავადების მიზეზი იყოს – ბავშვი არ ბრუნდება ხმაურის მიმართულებით, ხშირად იფარებს/იდებს ყურზე ხელს. ასეთ შემთხვევებში საჭიროა ექიმთან ვიზიტი.

რჩევები მოტორული განვითარების ხელშეწყობისთვის

მოტორული განვითარება ბავშვის უნარია, სხვადასხვა ჯგუფის კუნთების საშუალებით შეასრულოს ესა თუ ის მოძრაობა. მოტორული განვითარება მოიცავს მსხვილ ანუ უხეშ, წვრილ ანუ ნატიფ მოტორიკასა და სენსომოტორულ ანუ მგძნობელობით-მოძრაობით უნარებს. მოტორული სფეროს განვითარების ხელშეწყობისთვის საჭიროა სხვადასხვა მოძრაობითი აქტივობის განხორციელება.

ცალკეული აქტივობა არა მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი მიმართულების განვითარებას უწყობს ხელს, არამედ მოქმედებს ერთდროულად რამდენიმე უნარის ჩამოყალიბებაზე.

ბავშვს უნდა მიეცეს სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის და გაშლილ სივრცეში მოძრაობის შესაძლებლობა.

მსხვილი მოტორიკის განვითარებისთვის მშობელმა უნდა მისცეს ბავშვს ცოცვის, ხოხვის, სიარულის, სირბილის, აძრომის და სხვ. საშუალება. ნატიფი მოტორიკის განვითარებისთვის კი – ხატვის, წერის, პლასტელინით (ცომით), კუბებით და სხვ. თამაშის საშუალება.

ასაკის შესაბამისად უნდა შესთავაზოთ სხვადასხვა საგანი და სათამაშო, რათა ხელი შეეწყოს მისი მოძარობების წახალისებას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ბავშვთან ერთად შეასრულოს სხვადასხვა აქტივობა. ამ დროს მშობელი უნდა ესაუბროს მას, განუმარტოს თუ რას აკეთებენ, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვს ისწავლოს სხვადასხვა მოქმედებისა და საგნების დასახელება. მოტორული სფეროს განვითარებისა და თვითმომსახურეობის ჩვევის ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ აქტივობებს, რომლებიც მოითხოვს ხელის მტევნებისა და თითების, ხელებისა და ფეხების აქტიურ მოქმედებას, ასევე ხელ-თვალის კოორდინაციას. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ჩაცმა, ბანაობა, საჭმლის მომზადება, ჭამა, ხატვა, ძერწვა, წერა, სხვადასხვა თამაში, ხოხვა, ცოცვა, სირბილი, ხტუნვა.

რჩევები სოციალური და ემოციური სფეროს განვითარებისთვის

სოციალურ-ემოციური სფერო განსაზღვრავს ბავშვის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებას და ადამიანებთან ურთიერთობას. იგი მოიცავს ბავშვის უნარს შეძლოს საკუთარი გრძნობების გაგება და გამოხატვა, სხვათა გრძნობების გაგება (თანაგრძნობა) და შესაფერისად რეაგირება.

მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვთან დაბადებიდანვე უნდა დაამყაროს შესაბამისი ურთიერთობა, რითაც თავად უნდა შეუწყოს ხელი მისი სოციალური ჩვევების განვითარების სწავლებას და ემოციების რეგულირებას. ბავშვის ემოციური სამყარო სრულიად დამოკიდებულია ოჯახის წევრებს შორის არსებულ ურთიერთობებზე. თუ ოჯახის წევრები გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ სითბოს და სიყვარულს ბავშვიც ბედნიერია და პირიქით თუ ოჯახში დაძაბულობაა, ბავშვს ხშირად უწევს სხვადასხვა პრობლემის გამო ჩხუბის და გაბრაზებული მშობლების ყურება იგი უბედური, გულჩათხრობილი და კარჩაკეტილია.

მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მშვიდი და წყნარი გარემოს უზრუნველყოფა, რაც ხელს უწყობს მათი ემოციების დარეგულირებას, განსაკუთრებით ზედმეტად მორცხვ ან ადვილად აგზნებად ჩვილებთან.

მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს ბავშვს სხვებთან ურთიერთობის დამყარებაში (აღმზრდელი, ოჯახის სხვა წევრები, მასწავლებელი).

ბავშვს უნდა მიეცეს შესაძლებლობა გამოიკვლიოს გარემო. შეეხოს სხვადასხვა ნივთებს, შინაურ ცხოველებს. თუ მშობელს ეშინია მწერების, ამ დროს მან თავი უნდა შეიკავოს საკუთარი ემოციების გამოხატვისგან.

ხანგამოშვებით აუცილებელია ბავშვის მარტო დატოვება, რათა მან შეძლოს საკუთარ თავთან თამაში და მიეჩვიოს მარტო ყოფნას. ეს ხელს უწყობს დამოუკიდებლობისა და საკუთარ თავში რწმენის ჩამოყალიბებას. საკუთარ თავთან თამაშის შემდეგ, ბავშვი შეაქეთ და დაასაჩუქრეთ.

უფროსმა თავად უნდა შეუწყოს ხელი ბავშვის სოციალურ ურთიერთობებს სხვა ბავშვებთან, შეაქოს და დაასაჩუქროს, როცა ბავშვი ერთვება სხვებთან თამაშში, გამოხატავს სხვა ბავშვების მიმართ კეთილგანწყობას, ესმის მათი ემოციები.

თუ ბავშვი აგრესიულია სხვა ბავშვების მიმართ, უტყამს, უყვირის, აუცილებელია მის მიმართ საყვედურის გამოთქმა. თუ ბავში ძალიან გაბრაზებულია თავის მეგობრებზე და არ ჩერდება, უფროსმა უნდა მოაცილოს მათ. მოგვიანებით უნდა ასწავლოს სხვადასხვა გზა, როგორ გამოვიდეს არასასურველი სიტუაციიდან. მაგ. სთხოვოს დახმარება უფროსს, ან შეწყვიტოს თამაში თუ მას არ მოსწონს. თუ რომელიმე სათამაშოა უსიამოვნების მიზეზი, უფროსმა დროებით უნდა გამოართვას ბავშვებს იგი, როცა ცოტა ხანში დაუბრუნებს, ბავშვები უკვე მზად არიან შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება მის მიმართ.

არ შეიძლება უფროსმა დაარტყას, უჩქმიტოს, თმები მოქაჩოს და ა.შ., იმისთვის, რომ ასწავლოს მას რამდენად ცუდია ასეთი საქციელი და რას გრძნობენ ამ დროს ის ბავშვები, რომელსაც პატარა ურტყამს. უმჯობესია, როცა ბავშვი დაწყნარებულია, ჰკითხონ მას ,,შენ ვინმემ ხომ არ დაგარტყა, რა იგრძენი ამ დროს, გეტკინა?’’, ,,როგორ ფიქრობ შენს მეგობარსაც ასე ეტკინა შენ რომ დაარტყი?’’

მიზანშეწონილია როლური თამაშის გამოყენება, იმისთვის რომ ასწავლონ ბავშვს სხვადასხვა სოციალური ჩვევა, მაგ. როდის თქვას ,,გამარჯობა’’ და ,,ნახვამდის’’ მეგობრებს ან უფროსებს, რომლებიც მოდიან მასთან სტუმრად

უფროსმა ბავშვთან უნდა ისაუბროს გრძნობების შესახებ, დაეხმაროს მას გაიგოს იმ სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც ემოციებს გამოხატავს. დაახასიათოს საკუთარი, ან ბავშვის განწყობა ,,გახარებული ხარ?’’ ,,ბედნიერი ხარ?’’ ,,მოწყენილი ხარ?’’

თუ ბავშვი მშიშარაა და ,,დედის კალთას’’ არ სცილდება, აუცილებელია მასთან მუშაობა, იმისთვის რომ იგი შეეჩვიოს დედისგან განცალკევებას. ბავშვს უნდა აგრძნობინოთ, რომ ის კარგად იქნება მაშინაც, როცა მშობლებისგან განცალკევებულია. ,,შენ დღეს ძალიან კარგი დღე გექნება, ძალიან კარგად იქნები უჩემოთ.’’ უფროსმა ყოველთვის უნდა უთხრას ბავშვს, როდის დაბრუნდება მასთან და ეს დაუკავშიროს მისთვის ადვილად გასაგებ მოვლენას: ,,მე დავბრუნდები საუზმის შემდეგ”, ასეთი დამოკიდებულება ხელს უწყობს ბავშვს დროის შეგრძნების განვითარებაში.

სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანია მშობლებმა კარგი მაგალითი აჩვენონ ბავშვს როგორც ერთმანეთთან, ისე ოჯახის სხვა წევრებთან და თავის მეგობრებთან ურთიერთობაში.

თამაში

ბავშვისთვის თამაში მხოლოდ გართობა არ არის, თამაში მისი გონებრივი, მოტორული განვითარებისა და სამყაროს შეცნობის აუცლებელი პირობაა. მშობელმა უნდა იცოდეს, რა პრინციპებით ისარგებლოს ბავშვის თამაშის ხელშეწყობისთვის.

მშობელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვი სათამაშოებით. სათამაშოები და თამაშის სხვადასხვა სახეობა უნდა შეირჩეს ასაკის გათვალისწინებით.

სათამაშო უნდა იყოს უსაფრთხო.

ბავშვი ღიზიანდება თუ ერთდროულად ბევრ სათამაშოს მიაწვდიან. ერთი და იგივე სათამაშო ბავშვისთვის მოსაბეზრებელია. მაღალტექნოლოგიური სათამაშოები აბნევს მცირე ასაკის ბავშვს და ზღუდავს მისი წარმოსახვის უნარს.

ბავშვისთვის მნიშვნელობა არა აქვს სათამაშოს ღირებულებას, იგი კარგად ერთობა თვითნაკეთი სათამაშოებითაც.

ბავშვი უსაფრთხო გარემოში უნდა თამაშობდეს

სასურველია უფროსი ჩაერთოს ბავშთან თამაშის პროცეში, თუმცა არ უნდა შეასრულოს ლიდერის როლი.

დისციპლინა

ბავშვის დისციპლინის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, დაახლოებით, 18 თვიდან უნდა დაიწყოს. Mმშობელმა უნდა იცოდეს, რომ ამ ასაკამდე ბავშვს არ შეუძლია ცუდად მოქცევა, რადგან მან ჯერ კიდევ არ იცის ცუდი და კარგი საქციელის გარჩევა.

ბავშვის დისციპლინის ჩამოყალიბება ორ ძირითად ფენომენს ეფუძნება – ,,მიბაძვა” და ,,მაგალითი’’. ბავშვი ბაძავს უფროსის ქცევას. იმისთვის რომ ხელი შეუწყონ ბავშვის დისციპლინის ჩამოყალიბებას, მას ყოველთვის კარგი მაგალითი უნდა მისცენ.  ბავშვი კარგი საქციელის მიბაძვით უკეთ სწავლობს, ვიდრე შეგონებით.

არ არის რეკომენდებული ბავშვის ფიზიკური დასჯა და შეურაცხყოფა, ასეთი დამოკიდებულება ხელს უწყობს ბავშვის აგრესიას და საკუთარი თავში ჩაკეტვას.

მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვის ფიზიკურმა დასჯამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას.

რეკომენდებულია ბავშვისთვსის გასაგები, მინიმალური აკრძალვების დაწესება.

1-5 წლამდე ასაკის ბავშვის დასჯის ეფექტური მეთოდია ,,ტაიმ-აუტი”-  ბავშვი ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ერთ ადგილზე მშვიდად უნდა იჯდეს ან იდგეს გარემოსაგან იზოლირებული. მას არავინ არ უნდა ელაპარაკებოდეს. ტაიმ-აუტი გრძელდება იმდენი წუთი, რამდენი წლისაც არის ბავშვი.

ტუალეტის ჩვევა

საჭიროა ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბებაზე ადრეული ასაკიდან იზრუნოთ.

8-9 თვის ასაკში გადაყენებას მექანიკური ხასიათი აქვს. ბავშვი ვერ გრძნობს შარდის ბუშტის სისავსეს და ვერ აგებინებს უფროსს, როდის უნდა გადაყენება

დეფეკაციის და შარდვის კონტროლის უნარის ჩამოყალიბება 18-24 თვიდან იწყება და ბავშვი მზად არის გადაყენებისთვის თუ:

  • მისი საფენი 2-3 საათი მშრალია
  • არ სიამოვნებს ჭუჭყიანი საფენის დანახვა
  • ასრულებს უფროსის მარტივ მოთხოვნებს მაგ. ,,მოდი’’, ,,აიღე’’, ,,მომეცი’’

აღნიშნული პერიოდი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვი მიაჩვიონ ქოთნის გამოყენებას.

ბავშვი ქოთანზე უნდა დასვათ ყველა ჭამისა და გაღვიძების შემდეგ, ასევე დაძინების წინ.

არ არის რეკომენდებული ქოთანზე ბავშვის დიდხანს გაჩერება.

უფროსმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ზოგი ადვილად სწავლობს ქოთნის გამოყენებას, ზოგი ძნელად.

იშვიათი “მარცხი” დასაშვებია 5 წლამდე, განსაკუთრებით თუ ბავშვმა ბევრი სითხე დალია, ან ძალიან გაერთო თამაშით.

თუ უნებლიე შარდვა აღინიშნება 5 წლის შემდეგ, საშუალოდ კვირაში ორჯერ, მშობელმა უნდა მიმართოს სპეციალისტს.

დაუშვებელია ბავშვის დასჯა და შეურაცხოფა.

უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

მშობელს უნა ახსოვდეს, რომ ბავშვს განვითარებისთვის უსაფრთხო გარემო ესაჭიროება. ბავშვის ბანაობის, ძილის, თამაშისა და მანქანით მგზავრობის დროს უფროსმა უნდა დაიცვას უსაფრთხოების წესები, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის უსაფრთხოებას და დაიცვას იგი დაზიანებისგან.

მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვს ასაკის მატებასთან ერთად მეტი ყურადღება ესაჭიროება. უსაფრთხოების წესების დაცვა ტრავმების და სხვა დაზიანების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა.

  • ბავშვის საწოლი უნდა იყოს უსაფრთხო
  • აბაზანაში არ შეიძლება ბავშვის მარტო დატოვება
  • წამლები, ელექტრომოწყობილობა, ბასრი და წვრილი ნივთები, ქიმიური საშუალებები ბავშვისთვის ხელმიუწვდომელი უნდა იყოს
  • არ შეიძლება ბავშვის მარტო დატოვება შინაურ ცხოველებთან და მცირე ასაკის და-ძმასთან
  • მანქანით მგზავრობისას საჭიროა სპეციალური სკამის გამოყენება, არ შეიძლება მანქანაში ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება
  • არ არის რეკომენდებული ბავშვის მზეზე დიდხანს გაჩერება, სეირნობისას უმეთვალყურეოდ დატოვება და სხვა

Notice: ob_end_flush(): failed to send buffer of zlib output compression (1) in /home/childneu/child.ge/wp-includes/functions.php on line 5107

Notice: ob_end_flush(): failed to send buffer of zlib output compression (1) in /home/childneu/child.ge/wp-includes/functions.php on line 5107