ძილის პრობლემები 3-5 წლის ასაკში

სკოლამდელ ასაკში ბავშვს დაახლოებით 9-10 საათი ძინავს დღე-ღამეში (ღამის ძილი + დღის ძილი). ძილის ხანგრძლივობა ყველა ბავშვისათვის ინდივიდუალურია, თუმცა ყველა მათგანს ყოველდღე ერთი და იგივე დრო უნდა ეძინოს.

ბავშვების უმრავლესობა 3-5 წლის ასაკიდან აღარ იძინებენ დღისით. ამ ასაკში ზოგიერთი ბავშვი ჯერ კიდევ რამდენიმეჯერ იღვიძებს ღამით და ეს ნორმის ვარიანტია, თუმცა ის ბავშვები, რომლებიც დამოუკიდებლად დაძინებას არიან შეჩვეულები, მოზრდილების დახმარების გარეშე იბრუნებენ ძილს.

წინასასკოლო ასაკში საკმაოდ ხშირია ისეთი ძილის დარღვევები, როგორიცაა ღამის შიშები და ღამის კოშმარები. ღამის შიშები და კოშმარები, როგორც წესი, ასაკდამოკიდებულია და წარმოადგენს ბავშვის განვითარების ერთ-ერთ ეტაპს. ის ასაკის მომატებასთან ერთად უკვალოდ ქრება.

სომნამბულიზმიც (ძილში სიარული) ასევე ამ ასაკში გამოვლინდება. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ღამით ხვრინვა ასევე ხშირია ამ ასაკში და ძილის აპნოეს ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს (ამიტომ საყურადღებოა).

როგორ უნდა დაეხმაროთ ბავშვს სწორიძილის ჩამოყალიბებაში?

ძილის განრიგი: ბავშვი ყოველთვის ერთსა და იმავე დროს დააწვინეთ დასაძინებლად როგორც დღის, ასევე ღამის ძილისთვის.

სამუშაო და დასვენების დღეებში დაძინება-გაღვიძების საათებს შორის განსხვავება არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს.

ეცადეთ ბავშვმა დროზე (არაუგვიანეს 21.00. სთ) დაიძინოს, რათა მოასწროს სრულყოფილად გამოძინება.

დაძინების რუტინა: ყოველ საღამოს დაძინებამდე 20-30 წუთი დაუთმეთ რუტინულ აქტივობებს, რომელიც ყოველ საღამოს ერთნაირი იქნება.

ეს შეიძლება იყოს მშვიდი თამაში, ზღაპრის მოყოლა, წიგნის კითხვა. ეს აქტივობები ყოველთვის შეასრულეთ საძინებელში, სადაც იქნება სუსტი განათება.

საძინებელი: ეცადეთ ბავშვის საძინებელი იყოს მოხერხებული და მშვიდი. ღამით დატოვეთ სუსტი ღამის განათება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩააბნელოთ სრულად.

ეცადეთ ოთახოს ტემპერატურა არ იყოს 23 გრადუსზე მეტი. არასოდეს არ გამოიყენოთ ბავშვის საძინებელი მის დასასჯელად.

დაუწესეთ ლიმიტი: თუკი თქვენი ბავშვი ცდილობს თავი აარიდოს დაძინებას და ახანგრძლივებს დაძინების წინ აქტივობებს, უმჯობესია თუ გარკვეულ ლიმიტს დაუწესებთ, მაგალითად მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის ზღაპარს წაუკითხავთ.

მსუბუქი ვახშამი: არასოდეს დააწვინოთ ბავშვი მშიერი. ყოველთვის შესთავაზეთ მსუბუქი ვახშამი (მაგალითად რძე და ფუნთუშა).

დაძინებამდე 1-2 საათით ადრე მოარიდეთ ნოყიერ ვახშამს.

კოფეინი: მოარიდეთ ბავშვს კოფეინი დაძინებამდე სულ ცოტა 3-4 საათის განმავლობაში, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუკი კოფეინს საერთოდ ამოიღებთ პატარას რაციონიდან.

კოფეინს შეიცავს ყავა, სხვადასხვა მატონიზირებელი სასმელი, ცივი ჩაი და შოკოლადი.

საღამოს აქტივობები: ეცადეთ, რომ დაძინებამდე 1 საათის განმავლობაში თქვენი ბავშვი იყოს მაქსიმალურად მშვიდად. მოარიდეთ აქტიურ და ხმაურიან, ასევე კომპიუტერულ თამაშებს.

ტელევიზორი: გამოიტანეთ ტელევიზორი ბავშვის საძინებელი ოთახიდან და მაქსიმალურად ეცადეთ არ უყუროს ტელევიზორს დაძინებამდე 1 საათის განმავლობაში. ასევე, გამოიტანეთ საძინებლიდან კომპიუტერი, ტელეფონი და სხვა საოჯახო ტექნიკა.

დღის ძილი: დღის ძილი დაგეგმეთ თქვენი ბავშვის ასაკის და მოთხოვნილების მიხედვით. თუკი ბავშვს დღისით ბევრი ძინავს, ის ღამით კარგად ვეღარ დაიძინებს.

ვარჯიში: პატარამ დღის გარკვეული ნაწილი უნდა გაატაროს სუფთა ჰაერზე და კარგი იქნება თუ მსუბუქი ფიზკულტურით იქნება დაკავებული.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ:

•  პატარას აღენიშნება ხმაურიანი სუნთქვა, ხვრინვა ან სხვა რაიმე სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები.

•  ბავშვი მისთვის უჩვეულოდ იღვიძებს ღამით ან ახასიათებს ღამის შიშები.

•  ბავშვს უკანასკნელ პერიოდში გაუჩნდა ჩაძინებასთან დაკავშირებული პრობლემები, მისი ძილი გახდა ხანმოკლე და შეეცვალა ხასიათი დღისით.