ჩვილ ბავშვებს საშუალოდ ძინავთ 9-10 საათი ღამის და 3-4 საათი – დღის განმავლობაში. ძილის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში. 2 თვის ჩვილი დღის განმავლობაში იძინებს საშუალოდ 2-4- ჯერ, ხოლო 12 თვის – 1-2-ჯერ. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ავადმყოფობა ან ძილის რუტინის დარღვევა, იწვევს ძილის დარღვევას. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, მაგალითად, როდესაც პატარა ხოხვას სწავლობს, ხანმოკლე დროით შეიძლება დაერღვეს ძილი.
დაახლოებით 6 თვის ასაკისათვის დროული, ჯანმრთელი ბავშვების უმრავლესობა იყალიბებს ხანგრძლივ ღამის ძილს და აღარც საკვებს ითხოვს ღამით, თუმცა ბავშვების 25-50% მაინც აგრძელებს ღამით გამოღვიძებას. ღამით ხანმოკლე დროით გამოღვიძება ნორმის ვარიანტადაა მიჩნეული. ითვლება, რომ თითქმის ყველა ბავშვი იღვიძებს ღამის განმავლობაში 2-6-ჯერ. ბავშვების ნაწილს შეუძლია დამოუკიდებლად, მშობლის დახმარების გარეშე ჩაძინება, თუმცა ზოგი ძილის “შესაბრუნებლად” მოითხოვს მშობლის დახმარებას. როგორც წესი, მშობლის დახმარება იმ პატარებს ესაჭიროებათ, რომლებიც დამოუკიდებლად დაძინებას არ არიან მიჩვეული და მშობლები აძინებენ რწევით, ხელში ტარებით, საკვების მიცემით ან ძინავთ მშობლის საწოლში.
როგორ უზრუნველყოთ ჩვილის უსაფრთხო ძილი?
- როგორც ღამის, ასევე დღის ძილის დროს ჩვილი ყოველთვის ზურგზე უნდა იწვეს
- არ უნდა გამოიყენოთ რბილი ლეიბი
- ძილის დროს არაფერი დაახუროთ თავსა და სახეზე; საბნის ზედა კიდე არ უნდა ასცდეს გულმკერდის დონეს.
- საწოლიდან ამოიღეთ რბილი სათამაშოები და ბალიში
- ეცადეთ იმ ოთახში, სადაც ბავშვს ძინავს არ მოწიოთ სიგარეტი
- მოერიდეთ საძინებლის ზედმეტად გათბობას
- 5 თვის ასაკიდან საწოლს მოაცილეთ დასაკიდი სათამშოები
- თუ გადაწყვეტთ, რომ ბავშვს თქვენს საწოლში ეძინოს, აუცილებლად გაესაუბრეთ ამის შესახებ თქვენი ოჯახის ექიმს. ის ეცდება სწორი რეკომენდაციები მოგცეთ. კატეგორიულად არ შეიძლება ბავშვი იწვეს მშობლის საწოლში თუ მშობელი ღებულობს ანტიდეპრესანტს, ალკოჰოლს ან თამბაქოს მომხმარებელია.
- არასდროს დააძინოთ ბავშვი სკამზე, ტახტზე ან სხვა ისეთ ავეჯზე, რომელიც არ არის განკუთვნილი ბავშვის დასაძინებლად.
როგორ დაეხმაროთ პატარას სწორი ძილის ჩამოყალიბებაში
კარგად დააკვირდით, როდის ეძინება: ზოგი ბავშვი დაღლილობას ჭირვეულობით, ტირილით, თვალების სრესით ან ყურების წვალებით გამოხატავს; თუ კარგად გეცოდინებათ ის ნიშანი, როგორ გამოხატავს თქვენი ბავშვი დაღლილობას და მაშინვე დააწვენთ დასაძინებლად, ის უფრო სწრაფად და ადვილად დაიძინებს.
გადაწყვიტეთ თუ სად დაიძინებს თქვენი პატარა: დაახლოებით 3 თვის ასაკისათვის გადაწყვიტეთ სად დაიძინებს თქვენი პატარა, რადგანაც უფრო მოზრდილ ასაკში საძინებლის გამოცვლა მისი ძილის დარღვევის მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება იყოს. მაგალითად: თუ პატარას ეტლში ძინავს, უმჯობესია 3 თვის ასაკისთვის საწოლში დაძინებას მიაჩვიოთ. ის დედა, რომელიც ძუძუთი კვებავს, პატარას თავის საწოლში იწვენს, რადგან მისთვის ასე უფრო მოსახერხებელია. თუ გადაწყვეტთ, რომ ბავშვს თქვენს საწოლში ეძინოს, აუცილებლად გაესაუბრეთ ამის შესახებ ექიმს.
დაიცავით ძილის განრიგი: დადგენილია, რომ ბავშვებს, რომლებსაც ჩამოყალიბებული ძილის განრიგი აქვთ, უფრო უკეთ ძინავთ.
დანერგეთ უსაფრთხო ნივთების გამოყენება: დააახლოებით 12 თვის ასაკისათვის შესთავაზეთ პატარას მის საყვარელ, უსაფრთხო, რბილ სათამაშოსთან ერთად დაძინება.
ჩამოაყალიბეთ ძილის რუტინა: დაძინების წინ რუტინული, ერთიდაიგივე აქტივობები ხელს უწყობს ბავშვის ძილს. ეცადეთ შეარჩიოთ და ყოველი ძილის წინ გაიმეოროთ რუტინული ქცევები, მაგალითად: ბანაობა, ნაკლებაქტიური თამაშები, ზღაპრის მოყოლა. ძილისწინა რუტინა შეგიძლიათ დაიწყოთ ვახშმით, შემდეგ გადახვიდეთ დაბანაზე, შემდეგ – ზღაპრის მოყოლაზე და ა.შ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ მოქმედებათა თანმიმდევრობა.
საძინებელში მუდმივად გქონდეთ დაძინებისათვის ხელსაყრელი გარემო: პატარას კარგად ძინავს, როდესაც მის ოთახში არის სუსტი სინათლე, არ ცხელა და სიმშვიდეა.
საწოლში ბავშვი ყოველთვის მაშინ ჩააწვინეთ, როდესაც ეძინება, მაგრამ აუცილებლად ფხიზელ მდგომარეობაში: დაახლოებით 3 თვის ასაკიდან ეცადეთ პატარა მაშინ ჩააწვინოთ საწოლში, როდესაც ეძინება, მაგრამ აუცილებლად ფხიზელი; დაეხმარეთ ისწავლოს დამოუკიდებლად დაძინება ხელში ტარების და რწევის გარეშე. თუ პატარა დამოუკიდებლად დაძინებას ისწავლის, ღამით გაღვიძებისასაც აღარ გაგაღვიძებთ და ძილს თავად “შეიბრუნებს”.
დაიძინეთ როდესაც პატარას ძინავს: მშობლებსაც სჭირდებათ დასვენება. დაიძინეთ ცოტა ხნით დღის განმავლობაში მაშინ, როცა პატარას ძინავს.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაგიჩნდათ პრობლემა: ძალიან ჭირვეულ პატარებს შეიძლება ჰქონდეთ სხვა სამედიცინო პრობლემა, მაგალითად ნაწლავური კოლიკა ან გასტროეზოფაგური რეფლუქსი. მიმართეთ ექიმს, თუ გეჩვენებათ, რომ პატარას აქვს სუნთქვის პრობლემები ღამის ძილის განმავლობაში.
გამარჯობათ!ჩემი შვილი 3 თვისაა,12 საათზე რომ გაიღვიძებს გამის 2ი_ის ნახევრამდე ხან 3 საათმდე არ იძინებს და ასე გვიან რომ იძნებს დილით 11 ის ნახევრამდე ძინავს.რას მირჩევთ როგორ გადავაჩვიო ასეთ რეჟიმს ?წინასწარ მადლობას გიხდით
მოგესალმებით ხათუნა,
თუ თქვენი ბავშვი იღვიძებს იმ პერიოდში როდესაც გსურთ რომ მას ეძინოს, ამ დროს ეცადეთ ნაკლებად აქტიური იყოს ბავშვი. ბავშვის კვება ან გამოცვლა განახორციელეთ სიბნელეში, და არ ეთამაშოთ ბავშვს. ამით ის თანდათან მიხვდება რომ ღამით თქვენ უფრო დაღლილი ხართ, და რომ მანაც უმჯობესია ძილი გააგრძელოს. ასევე ზოგჯერ ელექტრონული მოწყობილობების და ტელეფონის გამორთვაც დაგეხმარებათ ამ მონაკვეტში.
მარიამ აბულაძე
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობა
ჩემი შვილი არის 2 თვის. ნევროლოგმა კონსულტაციისას აგვიხსნა,რომ ბავშვის ჭირვეულობა და არეული ძილის რეჟიმი ამ ასაკში ჩვეულებრივი მოვლენაა და არანაირი მედიკამენტი არ დაუნიშნია.ოჯახის წევრმა პედიატრმა კი გვირჩია ბავშვს მივცე ნოოფენი 1/4 აბი. ამბობს,რომ ნოოტროპილი ტვინის მკვებავია და ბავშვს ძალიან წაადგება. ძალიან გთხოვთ,თუ შეიძლება,ამიხსენით,რა არის ნოოფენი და რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს.
ნუცა,
არ გირჩევთ რაიმე მედიკამენტის მიცემას, მათ შორის ნოოფენის. არ არსებობს სარწმუნო ინფორმაცია, რომ მსგავსი პრეპარატები აუმჯობესებს თავის ტვინის მეტაბოლიზმსა და უსაფრთხოა ბავშვისვის.
მყავს 7 თვის ბავშვი ღამე იღვიძებს ხშირად, 3 საათის მერე უფრო, წყალს რომ დალევს ერთი ორი გაქანება და იძინებს ისევ, სადღაც ყოველ 10-15 წუთის ინტერვალით. რისი ბრალი შეიძლება იყოს ქალბაონო მაია
დარინა,
მნიშვნელოვანია გარემო პირობები, სადაც ძინავს ბავშვს. შეეცადეთ დაიცვათ ტემპერატურული რეჟიმი. ფანჯარაც ოდნავ შეღებული დატოვეთ, რომ სუფთა ჰაერი შემოვიდეს. ის, რომ თქვენი ბავშვი 3 საათის შემდეგ ხშირად იღვიძებს არ არის საგანგაშო. თუ ეს დიდი ხანი არ არის, რაც დაიწყო, იქნებ იპოვოთ ცვლილება, რაც მოხდა და რასაც შეიძლება ძილის რეჟიმის ცვლილება გამოეწვია. თუ ასეთი ცვლილება არ მომხდარა და საძინებელი ოთახის პირობებიც ადეკვატურია, დაელოდეთ, თანდათან აუცილებლად მოუწესრიგდება ძილი.
ჩემი პატარა ერთი თვის და 24 დღის არის მთელი დღის განვალობაში ნახევარ ნახევარი საათით იძინებს დიდი ხნით არც ერთხელ უფრო დიდი ხანი ღვიზილსჰი არის ხოლმე ღამეც 10 ზე რომ Dაიზინებს საათში ერთხელ იღვიზებს ჭამს და იძინებს 3მდე კარგად ძინავს მერე 5-მდე სულ ძუძუზეა მოჯაჭვული და 7 დან უკვე გარეთ გამყავს ვერ ჩერდება სახლში დამაწყნარებელიც დაგვინიშნეს მაგრამ არაფერი უკვე აგარ ვიცი რა ვქნა გთხოვთ მიპასუხოთ
ანა,
ჩვილ ბავშვს საშუალოდ ძინავს 9-10 სთ ღამის განმავლობაში და 3-4 საათი – დღისით. ძილის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის გენეტიკურიც. 2 თვის ჩვილი დღის განმავლობაში იძინებს 2-4-ჯერ. ღამით ხანმოკლე გამოღვიძება ნორმის ვარიანტად ითვლება.
შეეცადეთ შეუქმნათ მშვიდი გარემო. ხშირად გყავდეთ სუფთა ჰაერზე.
ეს სწორედ ის ასაკია, როცა უნდა გამოიმუშავოს ძილ-ღვიძილის რეჟიმი. ხელი შეუწყვეთ მას ამაში. არ უნდა იყოს ბავშვის საძინებელში: კომპიუტერი და ტელევიზორი.
შეეცადეთ “დამაწყნარებლის” გარეშე მოახერხოთ მისი ძილის რეჟიმის მოწესრიგება.
გამარჯობა, ჩემი პატარა წლის და 2 თვისა ბოლო რამოდენიმე დღეა ყოველ შუა ღამისას ტირილით იღვიძებს, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და როგორ შეიძლება გამოსწორება?
მარიამ,
აუცილებლად გადაამოწმეთ, როგორ ტემპერატურაა და მშვიდი გარემოა თუ არა ბავშვის საძინებელ ოთახში. ამ ასაკისთვის ბავშვებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
გამარჯობა. ჩემი ბიჭი 3თვის და 1კვირისაა.არის დღენაკლული 35კვირაზე დაიბადა, საკეისრო კვეთით. ბუნებრივ კებაზეა.ღამე 12 საათზე დაძინებული დილით 10 საათისთვის იღიძებს,12-ზე იძინებს და მთელი დღე სძინავს.საღამოს 8-მდე. ჭამისთვის იღვიძებს შუალედებში და ისევ აგრძელებს ძილს. ცოტა ვნერვიულობ სისუსტის ნიშანი ხომარაა ასე ხანგრძლივად ძილი?
ანი
მთავარია როგორ ვითარდება თქვენი ბავშვი. 3 თვის ასაკის ბავშვი უკვე უნდა ახერხებდეს მუცელზე წოლისას თავის მყარად ჭერას და ბრუნდებოდეს ზურგზე. ინტერესდებოდეს გარემოთი და რეაგირებდეს ადეკვატურად.
თუ ბავშვის განვითარება ასაკის შესაბამისია, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.
გამარჯობათ, ბავშვი 6 თვისაა, რამდენჯერ უნდა დაიძინოს დღის განმავლობაში და რა ხანგრძლივობით? საღამოს 10 სთ–დან დილის 7 სთ ძინავს კარგად.
ნათია,
მოგესალმებით, მთავარი არის არა რამდენჯერ, არამედ ძილის ხანგრძლივობა. როგორც ჩვენ გვიწერია 6 თვის ბავშვს უნდა ეძინოს დაახლოებით 10 საათი.
გამარჯობათ, ჩემი გოგო 2 წლის და 1 თვისაა. დგისით არ იძინებს უკვე 2-3 თვეა, ბოლოს ძალიან ვწვალობდი მის შუადღით დაძინებაზე და ეხლა საერთოდ აღარ იძინებს. ღამის ძილი კი ასეთი აქვს, 9 საათზე თუ დაიძინა იღვიძებს დილის 8-ზე. შეიძლება უფრო ადრეც ან 9საათზე. რამდენად ნორმალურია ეს ამ ასაკისთვის. საკმაოდ ენერგიული და მოუსვენარი ბავშვია, დღის განმავლობაშიც მშვენივრადაა და არ აწუხებს არაფერი. + ამას მთელი ღამე ჭამს 500გრამამდე მაწონს, ვერაფრით გადავაჩვიე, პედიატრმა მითხრა ნერვებს ნუ გავუფუჭებთო და ჭამოსო. ანუ მთელი ღამე ცოტ-ცოტას ჭამს.
მარიამ,
2 წლის ბავშვის ძილის ხანგრძლივობა 24 საათის განმავლობაში უნდა იყოს 11-13 საათი. თქვენს ბავშვს ძინავს 11-12 საათი, რაც ნორმალურია. ასე, რომ თუ სხვა პრობლემა არ გაწუხებთ, ამ საკითხზე არ იდარდოთ.
ქ/ნ მაია მოგესალმებით,
რადგანაც ძირითადად ძილზეა საუბარი, იქნებ მითხრათ რამე პრეპარატ sweetson-ზე, ვერსად მოვიძიე 🙁 მადლობა წინასწარ.
ლიკა,
სამწუხაროდ ასეთი პრეპარატის (sweetson) შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. სჯობს ის ბავშვს არც მისცეთ.
იაკო, მოგესალმებით.
დასაკიდი სათამაშოების ჩამოხსნის რეკომენდაცია უკავშირდება 2 ფაქტორს: ბავშვის მიერ დაჯდომის უნარის განვითარებას და ამასთან გარემოს კვლევის გაზრდილ ინტერესს მოტორული აქტივობების შესრულებით. შესაბამისად, მას მერე,რაც თქვენი ბავშვი შეძლებს დაჯდომას, მას უკვე შეეძლება არამარტო ვიზუალური სტიმულირების მიღება დაკიდებული სათამაშოს ყურების სახით, არამედ საგნების შეცნობა ხელში აღების, შეხების და სხვა სახით.
გამარჯობა საწოლზე დასაკიდებ სათამაშოების 5 თვიდან მოხსნას
რა დატვირთვა აქვს?
ე.ი დაგვიანებულია დ ვიტამინის მიცემა? ჩვენ ახლა გამოგვიწერეს.4 თვე რომ დავამთავრეთ 🙁
მოგესალმებით,
მჭირდება თქვენი დახმარება შემდეგ საკითხში: რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ კალცის მიღება? პატარა მე5 თვეშია და ახლა დაუნიშნეს უნიკალ დ3. მანამდე მითხრეს არ სჭირდებაო. ოფლიანობს მხოლოდ ჭამის დროს, ისიც ყოველთვის არა. ბუნებრივ კვებაზეა.წონაში კარგად იმატებს.დაიბადა საკეისრო კვეთით. მადლობა
სვეტა,
რაქიტის პროფილაქტიკისთვის ინიშნება D ვიტამინი 200-400 ერთეული. დროულ ჩვილებში საპროფილაქტიკო დოზა ინიშნება მეორე თვიდან, დღენაკლულებში – 2 კვირის ასაკიდან. D ვიტამინით რაქიტის პროფილაქტიკის ჩატარება რეკომენდებულია 2 წლის ასაკამდე შემოდგომა-ზამთრის თვეებში. შეიძლება გამოყენებული იყოს 200 000 ერთეული დასალევად 6 თვეში ერთხელ 5 წლის განმავლობაში. შესაბამისად, დანიშვნის დრო და სიხშირე დამოკიდებულია საჭიროებაზე (კვება, ცხოვრების წესი, პირობები).
ძალიან დიდი მადლობა.
გამარჯობა,
მადლობა, რომ ასე გვეხმარებით დედებს 🙂 ჩემი პრობლემა ძილს უკავშირდება. ჩემმა ბიჭმა 4 თვე დაამთავრა. დაახლოებით 1 თვეა ძილის დროს ( ძირითადად ღამე) იქნევს ხელებს და ფეხებს, ამოძრავებს თავს, ამ დროს თვალები დახუჭული აქვს. შეიძლება ამ მოძრაობებს წამოტირებაც მიაყოლოს ხოლმე. ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, ღამე 2-3ჯერ ჭამს.სძინავს ჩემთან, იმატებს ნორმალურად, უკვე 8 კილომდეა. არის ნევროპათოლოგის და პედიატრის კონტროლის ქვეშ.მეუბნებიან, რომ კარგი ბიჭია თავისი ასაკისთვის.
თავიდან მითხრეს ეს ქცევა კოლიკამაც იცისო, ვხმარობდით წამალს, მაგრამ შედეგი ძილის დროს არ შეცვლილა. შემდეგ ნევროპათოლოგმა დაგვინიშნა 2 სახის დამამშვიდებელი მონაცვლეობით,არც მაშინ შეცვლილა რამე. ძალიან ვნერვიულობ. თვითონაც ვერ სძინავს მშვიდად გადაბმულად.დღის ძილი შედარებით მოწსრიგებულია. თვითონ აქტიური და მხიარული ბავშვია.
გთხოვთ, მირჩიოთ სხვა რა შეიძლება გავაკეთო, რომ ღამე ნორმალურად დაიძინოს.წინასწარ გიხდით მადლობას.
ლიკა,
თქვენი ბავშვის ღამის ძილის პრობლემები სავარაუდოდ უნდა უკავშირდებოდეს გარემოს, რადგან დღისით კარგად ძინავს და ზოგადად, კარგად ვითარდება. უზრუნველყავით შესაბამისი გარემო: სუფთა ჰაერი, გრილი ტემპერატურა (ზედმეტი სიცხე არ ვარგა) და სიწყნარე (ბავშვის საძინებელ ოთახში არ უნდა იყოს ტელევიზორი და კომპიუტერი). ხშირად ასეირნეთ სუფთა ჰაერზე დღის განმავლობაში (მინიმუმ 2 სთ), უკვე კარგი ამინდები იწყება. თუ რეჟიმს დაიცავთ და შესაბამის გარემოს უზრუნველყოფთ, ბავშვის ძილი გამოსწორდება და აღარც დამამშვიდებლის მიცემა არ დაგჭირდებათ.
დიდი მადლობა ქალბატონო ლიკა! გავითვალისწინებ შეძლებისდაგვარად
მოგესალმებით, თეო.
ყველა ბავშვისთვის ძუძუს წოვის პროცესის ხანგრძლივობა, ისევე, როგორც მისგან გადაჩვევის პროცესი განსხვავებული ხანრგრძლივობისაა. იმისათვის, რათა თქვენი გოგონა უმტკივნეულოდ გადაეჩვიოს, გაითვალისწინეთ, რომ ძუძუს წოვას ხშირად დედასთან ურთიერთობის ფორმის დატვირთვაც აქვს. ამიტომ, შეეცადეთ, დღის მანძილზე მეტი დრო დაუთმოთ თქვენს პატარას და იმ დროს, როდესაც ძუძუს წოვს, მასთან ურთიერთობის განსხვავებული რიტუალი შემოიღოთ ნელ-ნელა – მოეფერეთ, ეთამაშეთ და სხვ. ხოლო დღის მანძილზე მისი თვალთახედვის არეში შემოიტანეთ სხვადასხვა საკვები და ნელ-ნელა გაასინჯეთ ბავშვს.
წარმატებას გისურვებთ.
ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი.
გამარჯობათ, მე მყავს 1 წლის და 9 თვის გოგონა, ჭამს ჯერ კიდევ ძუძუს და მის გარეშე ვერაფრით ვაძინებ, რა უნდა ვქნა რომ ძუძუს ნელ ნელა გადავაჩვიო? წინასწარ მადლობა
მოგესალმებით ქ-ნო მაია.
ჩემი პატარა 8 თვისაა, სეირნობის დროს მანქანის ხმაურზე, ფანჯრიდან მოზრდილი ჩიტის დანახვაზე, ან უნებლიე ხმაურზე სახლში აქვს რეაქცია, ხტება, ცდილობს ჩაგეჭიდოს ანუ გამოხატავს შიშს. რა ვუშველოთ პატარას? ან რა შეიძლება იყოს მიზეზი ასეთი მძაფრი ემოციიოსა.
წინასწარ გიხდით მადლობას.
თამარ,
ხმაურზე ან სხვა ნებისმიერ მოულოდნელ გამღიზიანებელზე შეკრთომა ჩვეულებრივი რეაქციაა, რაც ზრდასრულ ადამიანებსაც გვახასიათებს, ზოგს – განსაკუთრებით ძლიერად, ზოგს – ნაკლებად. თქვენს ბავშვს ეს რეაქცია სავარაუდოდ ამ ასაკში არ დაეწყებოდა და ალბათ, მანამდეც ჰქონდა. ყველა შემთხვევაში, რადგან თქვენი ჩივილი მხოლოდ მოულოდნელ გამღიზიანებელზე გადაჭარბებული რეაქციაა და ბავშვის განვითარება ასაკის შესაბამისია, ნუ იდარდებთ, დროთა განმავლობაში რეაქცია შემცირდება. კარგი იქნება თუ თქვენ ამაში დაეხმარებით: ხშირად მოეფერეთ, ჩაიხუტეთ, უმღერეთ, ეთამაშეთ. ჩაისვით კალთაში და ერთად ითამაშთ, სათითაოდ დაყარეთ მისი სათამაშოები იატაკზე, ერთად გაიჯახუნეთ კარები, დაუკარით ტაში ან მოიფიქრეთ სხვა მსგავსი გასართობი. ყურადღება მიაქცევინეთ ამ ხმებზე. ესაუბრეთ მშვიდი, მოსიყვარულე ხმით.
ჩემი შვილი 10 თვისაა. ღამე იღვიძებს და თვალებ დახუჭული იწყებს ტირილს. ვერ ვაჩერებ და იძულებული ვარ გავაღვიძო. სხვა შემთხვევაში არ წყნარდება და ისევ იძინებს. რის ბრალი შეიძლება იყოს ეს მოვლენა
თეა,
მიზეზის დასადგენად აუცილებელია გაითვალისწინოთ თუ რამდენი ხანია რაც ასეთი გამოღვიძებები დაიწყო, უკავშირდება თუ არა რაიმეს – ძილის რეჟიმის (ადგილი, დრო, გარემო პირობები) ცვლილებას ან რაიმე სხვა ფაქტორს (თუნდაც ის, რომ ბოლო დროს სუფთა ჰაერზე გაყვანას ისე ხშირად ვეღარ ახერხებთ). კარგად დაფიქრდით, ხომ არ არის ამის მიზეზი რაიმე ცვლილება, რაც თქვენი პატარას ცხოვრებაში მოხდა, რაზეც აქამდე არც დაფიქრებულხართ.