ძილის პრობლემები 1-3 წლის ასაკში

ამ ასაკის  ბავშვებს დღე-ღამეში 11-13 საათი ძინავთ. დაახლოებით 18 თვის ასაკისათვის პატარების უმრავლესობა დღისით მხოლოდ ერთხელ, 1,5-3 საათის განმავლობაში იძინებს, თუმცა ზოგს დაახლოებით 20-21 თვის ასაკამდე დღისით 2-ჯერ ძინავს.

ძილის ხანგრძლივობა ამ ასაკში თითოეული ბავშვისათვის ინდივიდუალური, თუმცა რეგულარულია. ძილის დარღვევა მოსალოდნელია ავადმყოფობის, ძილის რუტინის დარღვევის ან სხვა რაიმე სტრესული ფაქტორის ზემოქმედების შედეგად.

სასურველია პატარას საწოლი შეუცვალოთ 2-დან 3 წლამდე შუალედში, თუმცა უმჯობესია თუ დაელოდებით 3 წელს, რადგანაც უფრო ადრე შეცვლილმა საწოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა. ამ ასაკში პატარები ჯერ კიდევ იღვიძებენ ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ. თუკი ბავშვი  შეჩვეულია დამოუკიდებლად ჩაძინებას, ის მშობლის დახმარების გარეშეც მოახერხებს დამოუკიდებლად ძილის “შებრუნებას”, ხოლო ზოგს ჯერ კიდევ დასჭირდება მშობლის დახმარება.

როგორ დაეხმაროთ ბავშვს სწორი ძილის ჩამოყალიბებაში?

დაიცავით ძილის განრიგი: როგორც დღისით, ასევე ღამით ბავშვი ერთსა და იმავე დროს დააძინეთ. ყოველთვის მოერიდეთ ღამის ძილის გადადებას (21 საათზე გვიან). საძინებელი ისე მოაწყვეთ, რომ დილას დღის სინათლე შევიდეს, რაც ბავშვს გამოღვიძებაში დაეხმარება და უფრო აქტიური იქნება დილას, შესაბამისად მას ადრე გაუჩნდება დღის ძილის მოთხოვნილება, რაც თავისთავად წინ გადმოწევს ღამის ძილის დროსაც. თუ პატარა ადრეული ასაკიდან შეეჩვევა ღამით ადრე დაძინებას, ეს მას დაეხმარება წინასასკოლო ასაკშიც და აღარ მოუწევს ძილის რეჟიმის შეცვლა. დღის ძილის გადატანა შუადღის შემდეგ თავისთავად გააძნელებს ადრე დაძინებას ღამით, ხოლო დღის ძილის სრული ამოვარდნა გამოიწვევს პატარას ზედმეტ გადაღლას და ჩაძინების გაძნელებას.

გამოიყენეთ უსაფრთხო ნივთები: ბავშვს მიეცით საშუალება, დაიძინოს მის საყვარელ, უსაფრთხო, რბილ სათამაშოსთან ერთად.

ჩამოუყალიბეთ ძილის რუტინა: ეცადეთ დაძინების წინ შეიმუშაოთ რაიმე რუტინული ქცევები, მაგალითად ბანაობა, ნაკლებაქტიური თამაშები, ზღაპრის მოყოლა.  ძილის რუტინის შესრულება შეგიძლიათ დაიწყოთ ვახშმით, შემდეგ გადახვიდეთ დაბანაზე, ზღაპრის მოყოლაზე და ა.შ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ მოქმედებათა თანმიმდევრობა. სასურველია ეს მოქმედებები შეასრულოთ ბავშვის საძინებელში.

საძინებელში მუდმივად გქონდეთ დაძინებისათვის ხელსაყრელი გარემო: პატარას კარგად ძინავს, როდესაც მის ოთახში არის სუსტი სინათლე, არ არის სიცხე და სიმშვიდეა. გამოიტანეთ ტელევიზორი და კომპიუტერი ბავშვის საძინებელი ოთახიდან.

საწოლში ბავშვი ყოველთვის მაშინ ჩააწვინეთ, როდესაც ეძინება, მაგრამ აუცილებლად ფხიზელ მდგომარეობაში: თუკი თქვენი პატარა დამოუკიდებელ ჩაძინებას ადრეული ასაკიდან მიეჩვევა, ის ყოველთვის თქვენი დახმარების გარეშე დაიძინებს, როდესაც ღამით გამოეღვიძება.

ჩააწვინეთ, როცა ეძინება, მაგრამ აუცილებლად ფხიზელ მდგომარეობაში: თუ თქვენი პატარა დამოუკიდებელ ჩაძინებას ადრეული ასაკიდან მიეჩვევა, ღამით გამოღვიძების შემთხვევაში ყოველთვის თქვენი დახმარების გარეშეც დაიძინებს.

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • ბავშვს აღენიშნება ხმაურიანი სუნთქვა, ხვრინვა ან სხვა რაიმე სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები
  • ბავშვი ღამით მისთვის უჩვეულოდ იღვიძებს ან ახასიათებს ღამის შიშები
  • ბავშვს უკანასკნელ პერიოდში გაუჩნდა ჩაძინებასთან დაკავშირებული პრობლემები, მისი ძილი გახდა ხანმოკლე და შეეცვალა ხასიათი დღისით.