ახალშობილი
დაბადების პირველი დღიდანვე უნდა მოხდეს ბავშვის წონის, სიმაღლისა და თავის გარშემოწერილობის კონტროლი. რადგანაც ფიზიკური ზრდა ჯანმრთელობის კარგი ინდიკატორია, ნორმალური ზრდა-განვითარება კარგ ზოგად ჯანმრთელობაზე მიანიშნებს, ხოლო ზრდაში შეფერხება შესაძლოა პრობლემების მაჩვენებელი იყოს.
ახალშობილის წონა
დროული ახალშობილების (დაბადებული 37-42 კვირაზე) უმეტესობა იწონის 2,500 გ-დან 4000 გ-მდე.
ბავშვის დაბადების წონაზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას. ბავშვის წონა დამოკიდებულია გესტაციის ასაკზე, დროული ბავშვის წონა უფრო მეტია ვიდრე დღენაკლულის.
სხვა ფაქტორებია:
მშობლების სიმაღლე – მაღალ მშობლებს უფრო დიდი ბავშვები უჩნდებათ.
ტყუპები – ორი ტყუპის ან მეტის გაჩენა განაპირობებს ახალშობილების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებ წონას, ასევე ისინი ხშირად ჩნდებიან დროზე ადრე, რაც თავის მხრივ განაპირობებს მცირე მასას.
მშობიარობის რიგითობა – პირველი მშობიარობისას ბავშვს უფრო მცირე წონა აქვს, ხოლო მისი მომდევნო და-ძმა უფრო დიდები იბადებიან.
სქესი – ბიჭები უფრო დიდები არიან ვიდრე გოგონები, თუმცა დაბადებისას ეს განსხვავება უმნიშვნელოა.
დედის ჯანმრთელობა ორსულობის პერიოდში – ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ დაბადებისას მცირე წონას მოიცავს: დედის მაღალი წნევა, გულის პრობლემები, სიგარეტის, ალკოჰოლის ან არალეგალური მედიკამენტების მოხმარება ორსულობის პერიოდში. თუ დედას აქვს დიაბეტი, შესაძლოა ბავშვი დიდი მასით დაიბადოს.
კვება ორსულობისას – დედის კვება ორსულობის განმავლობაში გავლენას ახდენს ახალშობილის წონასა და ზრდაზე.
ბავშვის ჯანმრთელობა – სხვადასხვა სამედიცინო პრობლემები, როგორიცაა თანდაყოლილი მანკები და ორსულობისას შეძენილი ინფექციები, გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ მონაცემებზე.
დღენაკლული ბავშვის ზრდა განვითარება
დღენაკლული ბავშვების წონა და სიმაღლე შედარებით ნაკლებია. მათი დაყოფა ხდება მცირე მასის მქონე და ძალიან მცირე მასის მქონე ახალშობილებად. დაბადების მცირე წონად ითვლება <2500 გ, დაბადების ძალიან მცირე წონა არის <1500 გ.
ნორმალური ზრდა-განვითარება
ბავშვები იბადებიან სითხის დიდი რაოდენობით, ამიტომ დაბადების შემდეგ წონის დაკლება ნორმალურია. ჯანმრთელი ახალშობილი სიცოცხლის პირველ დღეებში კარგავს დაბადების წონის 7-10%, რომლის აღდგენა შემდგომი 2 კვირის განმავლობაში უნდა მოხდეს.
სიცოცხლის პირველი თვის განმავლობაში ბავშვის წონა იმატებს 30 გრამით ყოველდღიურად (საშუალოდ 600 გ/თვეში).
პირველი თვის განმავლობაში სიმაღლეში მატება ხდება 2.5-3.8 სმ-ით. ახალშობილები განსაკუთრებით სწრაფად იზრდებიან 7-10 დღეზე და 3-6 კვირის ასაკში.
დროული ახალშობილის თავის გარშემოწერილობა 34-36 სმ-ია, პირველი თვის ბოლოს – დაახლოებით 38 სმ.
1-3 თვე
სიცოცხლის პირველი თვეების განმავლობაში ბავშვები სწრაფად იმატებენ წონასა და სიგრძეში. 1-3 თვის ასაკში ბავშვი აგრძელებს სწრაფი ტემპით მატებას. ის სიგრძეში იზრდება საშუალოდ 2.5-3.8 სმ-ით ყოველ თვეში. თავის გარშემოწერილობა პირველი 3 თვის განმავლობაში ყოველთვიურად მატულობს 2 სმ-ით.
ამ პერიოდში წონის ნამატი დაახლოებით დღეში 25 გ-ია. პედიატრი ახდენს ბავშვის წონის, სიგრძის და თავის გარშემოწერილობის დადგენას და ამ მონაცემების სტანდარტული ზრდის მრუდზე გადატანას (გოგონების და ბიჭების მრუდები განსხვავებულია).
თუ თქვენი ბავშვი დღენაკლულია, მაშინ მას უფრო ხშირი შეფასება და კონტროლი სჭირდება, ვიდრე დროულს.
თუ თქვენი ბავშვის ზრდა-განვითარება ჩამორჩება ნორმას, ექიმი შეეცდება დაადგინოს თუ როგორია მისი კვება:
– დღეში რამდენჯერ იკვებება თქვენი ბავშვი – ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 8-12-ჯერ იკვებებიან, ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები კი უფრო ნაკლები სიხშირით – ყოველ 3-4 საათში.
– რამდენს იღებს თქვენი ბავშვი ყოველ კვებაზე – პირველი ერთი თვის განმავლობაში ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვი დაახლოებით 90-120 მლ საკვებს იღებს ერთ კვებაზე და 30 მლ-ით მეტს ყოველ შემდგომ თვეზე.
– ბავშვი ყველაზე მცირე 4-6 ჯერ უნდა შარდავდეს დღეში. დეფეკაციის (კუჭში გასვლა) სიხშირე დამოკიდებულია კვების ტიპზე.
4-7 თვე
4 თვის ასაკიდან ბავშვები თვეში დაახლოებით 450-560 გ-ს იმატებენ. 4-5 თვის ასაკისთვის ისინი აორმაგებენ დაბადების წონას. ამ ასაკისთვის ზუსტი რიცხვი თუ რამდენს უნდა იწონიდეს ბავშვი, მოცემული არ არის. მთავარია მისი წონაში მატება მუდმივად ხდებოდეს.
თავის გარშემოწერილობა 4 დან 6 თვემდე თვეში დაახლოებით 1 სმ-ით იმატებს. სიმაღლეში იზრდებიან დაახლოებით 5 სმ-ით თვეში.
ბავშვის საკვები უნდა იყოს სასარგებლო და ნოყიერი, და არა მხოლოდ კალორიების შემცველი. ხილის წვენის მიცემა რეკომენდებულია 4-6 თვიდან. უმჯობესია 100%-იანი ხილის წვენი. გაასინჯეთ ბავშვს ბოსტნეულისა და ხილის პიურე, შაქრის დამატების გარეშე.
8-12 თვე
თქვენი ბავშვი იცვლება და ვითარდება, დაცოცავს და 12 თვისთვის შესაძლოა დადიოდეს კიდეც. ამასთან ერთად ბავშვი იწყებს დამოუკიდებლად ჭამას.
1 წლის ასაკისთვის ბავშვების უმეტესობა ასამმაგებს დაბადების წონას და სიმაღლეში იმატებს 25 სანტიმეტრით. თუმცა პირველი წლის მეორე ნახევარში ზრდა ნელდება, უქვეითდება მადაც.
თავის გარშემოწერილობა 7-დან 12 თვემდე ასაკში ყოველთვიურად იმატებს 0,5 სმ-ით.
ხშირად მშობლები წუხან ბავშვის კვებაზე, ჰგონიათ რომ ის ცუდი მჭამელია. უმეტესად ბავშვები იმდენ საკვებს იღებენ, რამდენიც შიმშილს დაუკმაყოფილებთ. ყველაზე სანდო ამ შემთხვევაში თქვენი ბავშვის ზრდის მრუდია. თუ ამ მრუდის მიხედვით თქვენი ბავშვი მუდმივად იზრდება, მღელვარების საბაბი არ არსებობს.
თუ შეამჩნიეთ ზრდაში შენელება ან წონის კლება, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
– ხომ არ იყო ბავშვი ავად. 2 დღიანი უჭმელობა, განსაკუთრებით თუ თან ახლდა ღებინება ან დიარეა, მოგცემთ წონაში კლებას, რომელიც გამოჯანმრთელებისთანავე აღდგება.
– თუ თქვენმა ბავშვმა დაიწყო ხოხვა, და სიარული, ასეთი აქტივობის ფონზე ბავშვის წონის ნამატი დიდი აღარ იქნება.
– ბავშვს შესაძლოა კოვზით თამაში უფრო აინტერესებდეს, ვიდრე ჭამა, ამიტომ ეცადეთ კვების დროს ხელისშემშლელი ფაქტორები მინიმალური იყოს.
– ზოგჯერ საჭიროა საკვების ტიპის შეცვლა, ეცადეთ განსხვავებული ტექსტურის და უფრო მრავალფეროვანი საკვები გაასინჯოთ ბავშვს.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ზრდა შედარებით შენელებულია 8-12 თვისთვის, ის მაინც უნდა მიჰყვებოდეს თავისი ასაკის შესაბამის ზრდის მრუდს.
ყურადღება მიაქციეთ ჭარბ წონასაც. ეცადეთ დროულად მიხვდეთ, რომ ბავშვი დანაყრდა. ასევე, დარწმუნდით რომ ბავშვის საკვები რაციონი მდიდარია საჭირო ნივთიერებებით და არა მხოლოდ კალორიებით. შეზღუდეთ მაღალკალორიული წვენები. ეცადეთ ბავშვი წაახალისოთ თამაშით, რათა მან უფრო მეტი იმოძრაოს. თუ თვლით, რომ თქვენს ბავშვს ზედმეტი წონა აქვს, მიმართეთ ექიმს.
1-2 წელი
ამ პერიოდში ბავშვები უკვე დადიან და იწყებენ ლაპარაკს. მათი ზრდის ტემპი იკლებს. თქვენმა ბავშვმა შესაძლოა მოიმატოს 2 კილოგრამი და გაიზარდოს 10-12 სმ-ით. 2 წლისთვის ბავშვების სიმაღლე მათი მოზრდილობის ასაკის სიმაღლის ნახევარია, ხოლო თავის გარშემოწერილობა მოზრდილობის ასაკის 90%-ს შეადგენს. ბიჭები ოდნავ უფრო მეტს იწონიან, ვიდრე გოგონები, ხოლო სიმაღლე დაახლოებით თანაბარია.
სხეულის პროპორციები შესამჩნევად იცვლება, მომატებული ფიზიკური აქტივობის გამო კუნთოვანი მასაც იმატებს.
სიცოცხლის მეორე წლის განმავლობაში ბავშვები იწყებენ დამოუკიდებლად ჭამას. მათი მადა და საკვების მიმართ ინტერესი ქვეითდება. ნელდება მათი ზრდის ტემპიც.
2-3 წელი
24 -36 თვეების განმავლობაში ბავშვი იზრდება მხოლოდ 5-7 სმ-ით, თუმცა ის უფრო სწრაფად ვითარდება სხვა, განსაკუთრებით მეტყველების მხრივ.
3 წლის ასაკში ბავშვების უმეტესობა იმატებს 1.8 კგ და სიმაღლეში იზრდება 5-8 სმ-ით. ისინი ხდებიან ფიზიკურად უფრო აქტიურები, დარბიან, სწავლობენ ისეთ მოძრაობებს, როგორიცაა ბურთზე ფეხის დარტყმა, ველოსიპედის ტარება.
მათი მადა ცვალებადია, შესაძლოა ამოჩემებულად ჭამონ მხოლოდ ერთი სახის საკვები. შეეცადეთ უზრუნველყოთ მისთვის მრავალფეროვანი, ჯანსაღი რაციონი.
ნორმალური ზრდისათვის საჭიროა კარგი კვება, საკმარისი ძილი და რეგულარული ფიზიკური დატვირთვა. თუმცა ბავშვის სიმაღლეში ზრდა დამოკიდებულია გენეტიკაზეც. დაბალ მშობლებს უფრო დაბალი შვილები ჰყავთ, ხოლო მაღალი მშობლების შვილები უფრო მაღლები არიან. თუმცა მთავარი ამოცანაა, რომ თქვენი ბავშვი იზრდებოდეს ნორმალური ტემპით.
როდესაც ბავშვის სიმაღლე ზრდის მრუდეზე 5 პერცენტილს ან ნაკლებს შეესაბამება, ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
1. ოჯახური (გენეტიკურად) დაბალი სიმაღლე – ასეთ ბავშვებს დაბალი სიმაღლე მშობლებისგან მემკვიდრეობით გადაეცემათ. მათი ერთი ან ორივე მშობელი და სხვა ახლო ნათესავებიც დაბლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბავშვის სიმაღლე საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია, ეს მაინც ნორმად ითვლება და სხვა მხრივ ჯანმრთელები არიან.
2. სიმაღლეში ზრდის დაგვიანება (დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება) – ასეთი ბავშვები ადრეულ ასაკში საშულო მაჩვენებლის შესაბამისად იზრდებიან, თუმცა 6 თვიდან 2 წლამდე პერიოდში ეს მაჩვენებელი ნორმაზე ქვემოთ ჩამოდის (5 პერცენტილზე ქვემოთ). დაახლობით 2-3 წლის შემდეგ ისინი უბრუნდებიან ნორმას. ამის მიზეზი არის ის, რომ მათი სქესობრივი მომწიფება იწყება უფრო გვიან და თანატოლებს მოგვიანებით ეწევიან სიმაღლეში.
თუ თქვენი ბავშვი იზრდება ნელა, ექიმმა უნდა ჩაატაროს კვლევები, რათა დადგინდეს, არის თუ არა ეს გენეტიკური მიზეზით გამოწვეული.
4-5 წელი
ამ პერიოდში ბავშვები წელიწადში 2 კილოგრამით იმატებენ და სიმაღლეში იზრდებიან 5-8 სმ-ით. 4 წლის ბავშვის წონა დაახლოებით 18 კილოგრამია, სიმაღლე კი – 1 მეტრი.
წინასასკოლო ასაკის ბავშვები აგრძელებენ განვითარებას, მსხვილი და ნატიფი მოტორიკის გაუმჯობესებას. ისინი იწყებენ ხატვას, ფაზლების აწყობას. მათი თამაში ხდება უფრო წარმოსახვითი, რაც მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის.
ისინი ამ პერიოდშიც აგრძელებენ ზრდას და ამიტომ ხელი შეუწყვეთ მათ სწორი კვებით და ფიზიკური ვარჯიშით, რომელიც დღეში 60 წუთს უნდა გრძელდებოდეს.
6-12 წელი
ამ პერიოდში ბავშვები ყოველწლიურად იზრდებიან 6-7 სმ-ით და წონაში იმატებენ დაახლოებით 2-3 კგ-ით, სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე.
ისინი იწყებენ თავიანთ გარეგნობაზე ფიქრს და შფოთვას. გოგონები ღელავენ იმაზე, რომ ძალიან მაღლები არიან, ბიჭები კი პირიქით, თავიანთ დაბალ სიმაღლეზე ჯავრობენ.
ეცადეთ თქვენს შვილს აუხსნათ, რომ მთავარია იყოს ჯანმრთელი, ხოლო გარეგნობას შედარებით უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ისინი ვერ შეცვლიან იმ გენებს, რომლებიც მათ სიმაღლესა და სქესობრივი მომწიფების პერიოდს განაპირობს. მთავარია ისინი გაიზარდონ ჯანმრთელები და იყვნენ ფიზიკურად აქტიური.
ბავშვის ნორმალური ზრდისთვის აუცილებელია კარგი კვება, საკმარისი ძილი და რეგულარული ვარჯიში.
ამავე პერიოდში იწყება სქესობრივი მომწიფება, რომელიც რადიკალურ ცვლილებას წარმოადგენს, როგორც გოგონებში, ასევე ბიჭებში. სქესობრივი მომწიფების დაწყების ასაკი სხვადასხვაა. ჰორმონებით განპირობებულ ცვლილებებს თან ახლავს სიმაღლეში სწრაფი ზრდა, რითაც ბავშვები თინეიჯერულ ასაკში გადადიან.
სქესობრივი მომწიფების დაწყების პირველი ნიშანი გოგონებში არის მკერდის წამოზრდა, რომელიც 8-დან 13 წლამდე ასაკში ხდება. ამას მოჰყვება შემდეგი ცვლილებები:
– მკერდი იზრდება და თეძოები მრგვალდება
– სიმაღლეში ზრდის ტემპი ჩქარდება
– ბოქვენზე თმა ჩნდება მკერდის წამოზრდიდან 6-12 თვეში, თუმცა დაახლოებით 15%-ში შესაძლოა ბოქვენზე თმა მკერდის გადიდებამდეც გაჩნდეს
– ზომაში იმატებს საშვილოსნო, საშო, სასირცხო ბაგეები და კლიტორი
– მკერდის ზრდა და ბოქვენზე თმის რაოდენობა დროთა განმავლობაში მატულობს
– სიმაღლეში ზრდა პიკს აღწევს სქესობრივი მომწიფების დაწყებიდან 2 წელიწადში (საშუალოდ 12 წლისთვის)
– მენსტრუაციის დაწყების შემდეგ გოგონა კიდევ იზრდება 2,5-5 სანტიმეტრით და
ბიჭების უმეტესობას პირველი ცვლილებები ეწყება 10-დან 16 წლამდე პერიოდში, ისინი ყველაზე ინტენსიურად იზრდებიან 12-15 წლის ასაკში. მათი სიმაღლეში სწრაფი ზრდა გოგონებზე 2 წლით გვიან ხდება. სიმაღლეში ზრდის შეწყვეტის შემდეგ გრძელდება მათი კუნთოვანი სისტემის განვითარება.
ბიჭებში სქესობრივ მომწიფებას ახლავს:
– პენისის და სათესლე ჯირკვლების ზომაში მატება
– იღლიასა და სახეზე თმის გაჩენის შემდეგ თმის გაჩენა ბოქვენზე
– ხმის დაბოხება
– ადამის ვაშლის (ხორხის ხრტილი) უფრო გადიდება
– სათესლე ჯირკვლებში იწყება სპერმის გამომუშავება
13-18 წელი
თინეიჯერულ ასაკში სქესობრივი მომწიფების გამო ხდება მრავალფეროვანი ფიზიკური ცვლილებები.
– გოგონების უმეტესობა სქესობრივ მომწიფებას იწყებს 8-დან 13 წლამდე პერიოდში. სიმაღლეში საგრძნობი ზრდა, „ტანის აყრა“ აღინიშნება 10-14 წლის ასაკში.
– ბიჭების სქესობრივი მომწიფება იწყება 10-13 წლის ასაკში და სიმაღლეში ზრდას აგრძელებენ გოგონებთან შედარებით 1-2 წლით მეტ ასაკამდე.
ნორმალურ ზრდასა და განვითარებაში თქვენს შვილს ეხმარება კარგი კვება, ძილი და რეგულარული ფიზიკური აქტივობა.
მიუხედავათ ზრდის მრუდის არსებობისა, ამ ასაკისთვის ზუსტი ნორმების დადგენა რთულია, რადგან სიმაღლე განისაზღვრება გენეტიკური ფაქტორებით და დამოკიდებულია მშობლების სიმაღლეზე. მთავარია თქვენი შვილის ზრდის ტემპი ასაკობრივ ნორმას შეესაბამებოდეს.
ამ ასაკში გოგონები კრიტიკულად უდგებიან თავიანთ გარეგნობასა და წონას, რამაც შესაძლოა არაჯანსაღი წარმოდგენა ჩამოუყალიბოთ თავიანთი გარეგნობის შესახებ და დაიწყონ არასწორი დიეტა. ბიჭები უფრო ღელავენ თავიანთ სიმაღლეზე და კუნთოვან მასაზე და ამ მიზნით შესაძლოა მიმართონ სტეროიდების და დამატებითი ცილების მიღებას. ამ პრობლემების საუკეთესო გადაწყვეტისთვის აჯობებს ეს საკითხი გაარჩიოთ ექიმთან ვიზიტისას.
გამარჯობათ ვარ 15 წლის 1.62 იღლიაში ჯერ ეხლა ვამჩნევ ბუნდღლებს მაინტერრესებს კიდევ თუ გავიზრდები? და თან ბავშვივით ვარ ანუ გარდატეხა არ გამივლია გთხოვთ პასუხი გამეცით მადლობა
მოგესალმები, ლაშა,
სიმაღლეში ზრდა ვაჟებში ყველაზე სწრაფად სწორედ პუბერტალური (სქესობრივი მომწიფების) პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს და პიკს აღწევს სქესობრივი მომწიფების დაწყებიდან გარკვეული ხნის შემდეგ.
სქესობრივი მომწიფების დაწყების ასაკი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ვაჟებში, საშუალოდ, 9-14 წლის ასაკში იწყება და შესაძლებელია 20 წლის ასაკამდე გაგრძელდეს. ის მოიცავს: ხმის ტემბრის შეცვლას, წვერის ამოსვლას, კანის ცვლილებას, სხეულის ზრდის ტემპის აჩქარებას, გარეგანი სასქესო ორგანოების ზრდას და თმიანობის მომატებას… მნიშვნელოვანია აგრეთე აღნიშნული ნიშნების განვითარების თანმიმდევრობა. იმისათვის, რომ განისაზღვროს, თუ რამდენად სწორად და ასაკის შესაბამისად მიმდინარეობს ეს პროცესი, აუცილებელია, შეფასება ბავშვთა ენდოკრინოლოგის მიერ.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ, მყავს 10 წლის გოგონა, ციკლი ჯერ არ დასწყებია, არც ღინღლები არ ამოსვლია არსად, მკერდი ოდნავ აქვს ამობურცული, ვფიქრობ რომ ჯერ ადრეა…
მაგრამ ერთხელ სკოლაში გახდა ცუდად, სავარაუდოდ მშიერი იყო და მაგის გამო, მაშინვე ავუღე სისხლის საერთო ანალიზი, შაქარიც და შარდიც,ყველაფერი ნორმაში აქვს, დამატებით ვიტამინებიც მივაღებინე და ვაიძულებ დილით მშიერი არ წავიდეს სკოლაში… მაგრამ დღეს ისევ ცუდად გახდა ბიოლოგიის გაკვეთილზე, როდესაც მასწავლებელი სისხლზე ესაუბრებოდათ,მალევე გამოკეთდა, გული არ წასვლია, არც პირველად და არც დღეს…
მაგრამ სკოლის ექიმი მირჩევს რომ თავზე გადავუღო სისხლშევიწროვებისგან თავის დაზღვევის მიზნით,
რას მირჩევთ? ვერ გადამიწყვეტია რა ვქნა 🙁
მოგესალმებით, მარი,
თუ ვითარდება თავბრუ, გულისრევა, ბუნდოვანი მხედველობა, სიფერმკრთალე, მოდუნება და ა.შ. მაპროვოცირებელი ფაქტორის ფონზე, გონების კარგვით ან მის გარეშე (პრესინკოპე) და სისხლის რუტინული კვლევით პათოლოგია არ ვლინდება, შესაძლებელია, რომ დამატებითი კვლევების ჩატარება არ ჩაითვალოს რეკომენდებულად. თუ მაპროვოცირებელი ფაქტორის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება ან კლინიკური ნიშნები განსხვავებულია, მიმართეთ სპეციალისტს, რათა ანამნეზის უფრო დეტალურად გაცნობის საფუძველზე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება.
თათია აფრასიძე,
ბავშვთა ნევროლოგი
გამარჯობათ.ჩემი გოგონა არის 17 წლის და 156 სმ. გავიარეთ ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და ისეთი არაფერი, გთხოვთ დაგვაკვალიანოთ. გმადლობთ.
ინგა,
სწორად მიგიმართავთ ენდოკრინოლოგისთვის, რადგან სწორედ ეს სპეციალისტები არიან კომპეტენტურები ამ სფეროში.
მყავს ბავშვი სამი წლის და რამდენი კილო უნდა იყოს ახლა ? სიმაღლეში საკმაოდ მაღალია
მაია,
ბავშვის წონის გამოსათვლელად საჭიროა სიმაღლეც, ამიტომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს კალკულატორი (ქვემოთ მითითებულ მისამრთზე). იმედია, არ გაგიჭირდებათ.
http://www.prokerala.com/kids/ideal-height-weight-calculator.php
გამარჯობა, 8 წლის გოგონას მკერდის ზრდა დაეწყო. მალევე იღლიაში და ბოქვენზე თმაც ამოუვიდა. რამდენად ნორმალურია ამ ასაკის ბავშვისთვის? მადლობა
ნათი,
აუცილებლად მიმართეთ ენდოკრინოლოგს.
Gამარჯობა ვარ 13 ჭლის და მაქვს ციკლი 12 წლიდან სიმაგლეში 156სმ და ვარ 40კგ დედაჩემი 167სმ-ია მამაჩემი 176 და კიდევ მაქვს თუ არა სიმაგლეში გაზრდის შანსი? Dა დაახლოებით რამდენი სანტიმეტრით?
ანი,
ყველა ადამიანი განსხვავებულია. ერთი სქესის დედ-მამიშვილების ზრდა-განვითარებაც ხშირად ძალიან განსხვავებულია, რადგან მას მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს. რთულია გიპასუხოთ თუ რამდენი სანტიმეტრით მოიმატებთ. ერთი უდავოა, რომ გოგონები ზრდას მინიმუმ 15 წლამდე აგრძელებენ. ზოგჯერ სიმაღლეში ზრდა 17-18 წლამდეც გრძელდება.
გამარჯობათ, მყავს 1წლის დღენაკლული ბავშვი დაიბადა 1.300 34კვირაზე. 4-5თვემდე მატება ნორმალური ჰქონდა, 6თვის მერე ძალიან ცოტას იმატებს, ხელოვნურ კვებაზე მყავს მადა საერთოდ არ აქვს ძალით ვაჭმევთ. ახლა 8კილოა თავის ასაკთან შედარებით ძალიან პატარაა მადის მოსამატებელ ვიტამინებს ვასმევდი ექიმის დანიშნულებით, მაგრამ უშედეგოდ. რა შეიძლება მივცე მადის მოსამატებლად,რომ დაეწიოს თავისი ასაკის ბავშვებს, რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული და საგანგაშოა თუ არა? გმადლობთ წინასწარ.
თათია,
მოგესალმებით. 12 თვის ასაკის ბავშვისთვის 8 კგ საკმაოდ მცირე წონაა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ მისი დღენაკლულობა. ასევე, მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარება. შეადარეთ ის ასაკობრივ ნორმას. თუ განვითარება ასაკის შესაბამისია, არა აქვს კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემები, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. ხშირად გყავდეთ სუფთა ჰაერზე, მიეცით ვიტამინებით მდიდარი საკვები და ზრდასთან ერთად მადაც გამოუსწორდება.
გამარჯობათ,რისი მიზეზი შეიძლება იყოს 5წლინახევრის გოგონას მკერდი ოდნავ გაეზარდოს(შებერილი)?საშიშია თუ არა?პედიატრმა გვითხრა არ არის სანერვიულო,ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ
ანა,
კომპეტენტური პასუხის მისაღებად ამ შეკითხვით აჯობებს მიმართოთ ბავშვთა ენდოკრინოლოგს (იაშვილის ან ციციშვილის ბავშვთა კლინიკებში).
გამარჯობა, მაინტერესებს რა არის ფუტკრის რძე და რისთვის გამოიყენება?
გამარჯობა, მაინტერესებს რა ასაკამდე აგრძელებს ზრდას სახის ნაკვთები როგორიცაა: ცხვირი და ტუჩი?
სოფო,
სხეულის ნაწილები, მათ შორის სახეც (ცხვირის და ტუჩების ჩათვლით) იზრდება პუბერტული ასაკის დასრულებამდე, რაც გოგონებისთვის იწყება 8-13 წლის ასაკში, ვაჟებში – 9-15 წლის ასაკში, ხოლო სრულდება – 16-20 წლის ასაკისთვის.
ვარ 13 წლის, მაგრამ არ მაქვს მოსული და მეშინია რომ არ მომივა… ცჰემს ყველა კლასელს აქვს მოსული და მე რატო არ მაქვსს??? წინასწარ მადლობა 🙂 პასუხი გამეცით გთხოვთ
თაკო,
კვალიფიციური პასუხისთვის მიმართეთ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს. სამწუხაროდ ჩვენ არ გვყავს ასეთი კონსულტანტი ვერ დაგეხმარებით. ჩვენი საიტი ნეიროგანვითარების საკითხებშია კომპეტენტური.
გამარჯობათ მე ვარ 15 წლის ჩემი სიმაღლეა 153 სმ წონა კი 45 კილო.. იმის მიუხედავად რომ ძალიან ბევრ ვჭამ წონაში არ ვიმატებ არც სიმაღლეში ვიზრდები დიდი სისწრაფით ყველა ამბობდა გარდატეხის პერიოდში აიყრი ტანსო თუმცა ასე სულაც არაა. და არც მკერდი მაქვს ჯერ 1 ზომაზე მეტი. ჩემი BMI კი ნორმალურია თუმცა მაინც მაშფოთებს ჩემი მდგომარეობა. გთხოვთ მიპასუხოთ ჩემი ასაკისთვის ნორმალურია თუ არა ასეთი ნელი ტემპით განვითარება. და მაქვს თუ არა ჯერ კიდევ შანსი ტანი ავიყარო” ეს ამბავი მართლაც მადარდებს უკვე.. წინასწარ დიდი მადლობა
გამარჯობა ვარ 14 წლის სიმაღლეში 159 არის ტუ არა ეს სიმაგლე ნორმალური და რა გავაკეტო რომ სიმაგლე უპრო მომემატოს
მარი,
ფიზიკური განვითარება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის გენეტიკურზე. ასევე, ის რაც ერთი ადამიანისთვის ნორმალურია, მეორესთვის შეიძლება დარღვევის გამოხატულება იყოს. სრულყოფილი რჩევების მისაღებად ამიტომაც აჯობებს მიმართოთ ენდოკრინოლოგს.
გამარჯობა,ვარ 13 წლის,ჩემს სამეგობროში ყველას აქვს თუნდაც პატარა მკერდი,მე კი მხოლოდ თავები მაქვს მომრგვალებული და ძალიან პატარა მკერდი მაქვს,შეუმჩნეველი საკმაოდ დიდი ხანია რაც ზრდა მიმდინარეობს,იღლიებში ახლა ამომდის თმა,და 14 წლამდე მკერდი გამეზრდება? არც ციკლი დამწყებია ჯერ,ბებიაჩემს დაეწყ 15 წლის ასაკში,დედაცჰემს კი 14 გთხოვთ გამცეთ კითხვაზე პასუხი 14 წლამდე ჩამოვყალიბდები?თუ ცოტა კიდევ უნდა დაველოდო? უკვე ძალიან მრცხვენია…
ელენე,
სქესობრივი მომწიფების პერიოდი ყველა ადამიანს გარკვეულ (10-14 წლის) ასაკში ეწყება და ინდივიდული ტემპით მიმდინარეობს. პირველი სქესობრივი ნიშნების გამომჟღავნებიდან საშუალოდ 2 წელიწადში ჩნდება მენსტრუალური ციკლი. თუ თქვენ 13 წლის ხართ და ჯერ კიდევ არ დაგეწყოთ სარძევე ჯირკვლების ზრდა, იღლიებსა და ბოქვენის მიდამოში თმის ამოსვლა მხოლოდ ახლახანს შენიშნეთ, სავარაუდოდ მკერდის ზრდა 6-18 თვეში დაგეწყებათ. სასირცხვილო ნამდვილად არაფერია. სამაგიეროდ, სიმაღლეში ზრდას გააგრძელებთ. შეეცადეთ, არ იდარდოთ ამ თემაზე, ჩვენ ხომ ერთამანეთის ძალიან განვსხვავდებით, ამიტომ განვითარებაც განსხვავებული გვაქვს 🙂
ჭარბმა წონამ შეიძლება სიმაღლეშI ზრდა შეაფერხოს?
მოგესალმებით,
პირდაპირი კავშირი ზედმეტ წონასა და ზრდის შეფერხებას შორის არ არის, თუმცა სასურველია მიმართოთ ენდოკრინოგს, ზოგიერთი ამ ტიპის დარღვევის გამოსარიცხად.
გამარჯობა ელენე,
ციკლის დაწყების დაგვიანების ყველაზე ხშირი მიზეზი ჰორმონული დარღვევებია. ამიტომ გირჩევ მიმართო ექიმს, რათა შესაბამისი გამოკვლევები ჩაგიტარდეს.
გამარჯობათ, რა მაინტერესებს 17 წლის ვარ და ციკლი არ მაქ და ეს ნორმალურიაა. შეიძლება ეს რომ ნაადრევი სექსის ბრალი იყოოს?
ჩემი გოგონა 4 თვეში გახდება 8 წლის,მას იღლიებში ,განსაკუთრებით მარჯვენა იღლიაში გაუჩნდა თმის ბუსუსები ,არის თუარა ეს ნორმალური ამ ასაკისთვის?გთხოვთ მიპასუხოთ.დიდი მადლობა წინასწარ
ნინო,
კომპეტენტური პასუხისთვის აჯობებს მიმართოთ ბავშვთა ენდოკრინოლოგს (დიღომში, ციციშვილის სახ. ბავშვთა ახალ კლინიკაში).
Myavs 7vinaxevris gogona.ukvr unda chavacva tuara myari pexsacmeli dasheizleba tuara jojinashi chavsva?
მეგი მოგესალმებით,
როგორც თქვენ ამბობთ, თქვენი ბავშვი ჯერ 8 თვის არ არის. ბავშვის ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი აპარატი ამ ასაკში ფეხზე დგომისთვის მზად არ არის. ამიტომ არ გირჩევთ მის ფეხზე დაყენებას. აჯობებს დაუგოთ იატაკზე რბილი ნოხი და იქ დასვათ თავის საყვარელ სათამაშოებთან ერთად. შეუქმენით ჯდომის, ხოხვის და გადაადგილების უსაფრთხო გარემო. ასე ის უკეთ განვითარდება.
გამარჯობათ მე ვარ 13 წლის და ვარ დაახლოებით170 სანტიმეტრი…დედდაჩემიც ჩჩემი სიმაღლისაა მამაჩემი კი დაახლოებით 190 სანტიმეტრია და მაინტერესებს გავიზრდები თუ არა კიდევ სიმაღლეში
გამარჯობა ნინო,
ადამიანის ზრდა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკურ განწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, სხვა ფაქტორებიც არანაკლებ გავლენას ახდენენ მოზარდის სიმაღლეში ზრდაზე. მნიშვნელოვანია, გაქვთ თუ არა მეორადი სასქესო ნიშნები უკვე გამოხატული, დაგეწყოთ თუ არა მენსტრუალური ციკლი და სხვა. სავარაუდოდ 13 წლის ასაკში ზრდა არ შეჩერდება და კიდევ გაიზრდებით, ხოლო სიმაღლეში ზრდის ტემპი კი შეიძლება შეიცვალოს.
,მ,