ჩვილ ბავშვებს საშუალოდ ძინავთ 9-10 საათი ღამის და 3-4 საათი – დღის განმავლობაში. ძილის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში. 2 თვის ჩვილი დღის განმავლობაში იძინებს საშუალოდ 2-4- ჯერ, ხოლო 12 თვის – 1-2-ჯერ. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ავადმყოფობა ან ძილის რუტინის დარღვევა, იწვევს ძილის დარღვევას. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, მაგალითად, როდესაც პატარა ხოხვას სწავლობს, ხანმოკლე დროით შეიძლება დაერღვეს ძილი.
დაახლოებით 6 თვის ასაკისათვის დროული, ჯანმრთელი ბავშვების უმრავლესობა იყალიბებს ხანგრძლივ ღამის ძილს და აღარც საკვებს ითხოვს ღამით, თუმცა ბავშვების 25-50% მაინც აგრძელებს ღამით გამოღვიძებას. ღამით ხანმოკლე დროით გამოღვიძება ნორმის ვარიანტადაა მიჩნეული. ითვლება, რომ თითქმის ყველა ბავშვი იღვიძებს ღამის განმავლობაში 2-6-ჯერ. ბავშვების ნაწილს შეუძლია დამოუკიდებლად, მშობლის დახმარების გარეშე ჩაძინება, თუმცა ზოგი ძილის “შესაბრუნებლად” მოითხოვს მშობლის დახმარებას. როგორც წესი, მშობლის დახმარება იმ პატარებს ესაჭიროებათ, რომლებიც დამოუკიდებლად დაძინებას არ არიან მიჩვეული და მშობლები აძინებენ რწევით, ხელში ტარებით, საკვების მიცემით ან ძინავთ მშობლის საწოლში.
როგორ უზრუნველყოთ ჩვილის უსაფრთხო ძილი?
- როგორც ღამის, ასევე დღის ძილის დროს ჩვილი ყოველთვის ზურგზე უნდა იწვეს
- არ უნდა გამოიყენოთ რბილი ლეიბი
- ძილის დროს არაფერი დაახუროთ თავსა და სახეზე; საბნის ზედა კიდე არ უნდა ასცდეს გულმკერდის დონეს.
- საწოლიდან ამოიღეთ რბილი სათამაშოები და ბალიში
- ეცადეთ იმ ოთახში, სადაც ბავშვს ძინავს არ მოწიოთ სიგარეტი
- მოერიდეთ საძინებლის ზედმეტად გათბობას
- 5 თვის ასაკიდან საწოლს მოაცილეთ დასაკიდი სათამშოები
- თუ გადაწყვეტთ, რომ ბავშვს თქვენს საწოლში ეძინოს, აუცილებლად გაესაუბრეთ ამის შესახებ თქვენი ოჯახის ექიმს. ის ეცდება სწორი რეკომენდაციები მოგცეთ. კატეგორიულად არ შეიძლება ბავშვი იწვეს მშობლის საწოლში თუ მშობელი ღებულობს ანტიდეპრესანტს, ალკოჰოლს ან თამბაქოს მომხმარებელია.
- არასდროს დააძინოთ ბავშვი სკამზე, ტახტზე ან სხვა ისეთ ავეჯზე, რომელიც არ არის განკუთვნილი ბავშვის დასაძინებლად.
როგორ დაეხმაროთ პატარას სწორი ძილის ჩამოყალიბებაში
კარგად დააკვირდით, როდის ეძინება: ზოგი ბავშვი დაღლილობას ჭირვეულობით, ტირილით, თვალების სრესით ან ყურების წვალებით გამოხატავს; თუ კარგად გეცოდინებათ ის ნიშანი, როგორ გამოხატავს თქვენი ბავშვი დაღლილობას და მაშინვე დააწვენთ დასაძინებლად, ის უფრო სწრაფად და ადვილად დაიძინებს.
გადაწყვიტეთ თუ სად დაიძინებს თქვენი პატარა: დაახლოებით 3 თვის ასაკისათვის გადაწყვიტეთ სად დაიძინებს თქვენი პატარა, რადგანაც უფრო მოზრდილ ასაკში საძინებლის გამოცვლა მისი ძილის დარღვევის მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება იყოს. მაგალითად: თუ პატარას ეტლში ძინავს, უმჯობესია 3 თვის ასაკისთვის საწოლში დაძინებას მიაჩვიოთ. ის დედა, რომელიც ძუძუთი კვებავს, პატარას თავის საწოლში იწვენს, რადგან მისთვის ასე უფრო მოსახერხებელია. თუ გადაწყვეტთ, რომ ბავშვს თქვენს საწოლში ეძინოს, აუცილებლად გაესაუბრეთ ამის შესახებ ექიმს.
დაიცავით ძილის განრიგი: დადგენილია, რომ ბავშვებს, რომლებსაც ჩამოყალიბებული ძილის განრიგი აქვთ, უფრო უკეთ ძინავთ.
დანერგეთ უსაფრთხო ნივთების გამოყენება: დააახლოებით 12 თვის ასაკისათვის შესთავაზეთ პატარას მის საყვარელ, უსაფრთხო, რბილ სათამაშოსთან ერთად დაძინება.
ჩამოაყალიბეთ ძილის რუტინა: დაძინების წინ რუტინული, ერთიდაიგივე აქტივობები ხელს უწყობს ბავშვის ძილს. ეცადეთ შეარჩიოთ და ყოველი ძილის წინ გაიმეოროთ რუტინული ქცევები, მაგალითად: ბანაობა, ნაკლებაქტიური თამაშები, ზღაპრის მოყოლა. ძილისწინა რუტინა შეგიძლიათ დაიწყოთ ვახშმით, შემდეგ გადახვიდეთ დაბანაზე, შემდეგ – ზღაპრის მოყოლაზე და ა.შ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ მოქმედებათა თანმიმდევრობა.
საძინებელში მუდმივად გქონდეთ დაძინებისათვის ხელსაყრელი გარემო: პატარას კარგად ძინავს, როდესაც მის ოთახში არის სუსტი სინათლე, არ ცხელა და სიმშვიდეა.
საწოლში ბავშვი ყოველთვის მაშინ ჩააწვინეთ, როდესაც ეძინება, მაგრამ აუცილებლად ფხიზელ მდგომარეობაში: დაახლოებით 3 თვის ასაკიდან ეცადეთ პატარა მაშინ ჩააწვინოთ საწოლში, როდესაც ეძინება, მაგრამ აუცილებლად ფხიზელი; დაეხმარეთ ისწავლოს დამოუკიდებლად დაძინება ხელში ტარების და რწევის გარეშე. თუ პატარა დამოუკიდებლად დაძინებას ისწავლის, ღამით გაღვიძებისასაც აღარ გაგაღვიძებთ და ძილს თავად “შეიბრუნებს”.
დაიძინეთ როდესაც პატარას ძინავს: მშობლებსაც სჭირდებათ დასვენება. დაიძინეთ ცოტა ხნით დღის განმავლობაში მაშინ, როცა პატარას ძინავს.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაგიჩნდათ პრობლემა: ძალიან ჭირვეულ პატარებს შეიძლება ჰქონდეთ სხვა სამედიცინო პრობლემა, მაგალითად ნაწლავური კოლიკა ან გასტროეზოფაგური რეფლუქსი. მიმართეთ ექიმს, თუ გეჩვენებათ, რომ პატარას აქვს სუნთქვის პრობლემები ღამის ძილის განმავლობაში.
გამარჯობა, მყავს 9თვის ბიჭი.1თვეა თავისით იძინებს რწევის გარეშე და დაახლოვებით 10დღეა ძილის დროს მუცელზე წვება და უკანალს აქნევს თითქოს თავს ირწევს და ისე იძინებს თან იღლება და გული უჩქარდება ამ დროს. მაინტერესებს ექიმს უნდა მივმართო თუ თავისით გაუვლის?
გამარჯობა! საინტერესოა ვიდეოს ნახვა, ზუსტად რომ ვიცოდეთ რას აღწერთ, თუმცა ასე მოყოლილით ნორმას გავს, დააკვირდით, გადაუღეთ ვიდეო, თუ რაიმე შეიცვალა მიმართეთ ექიმს.
ბავშვთა ნევროლოგი
თინათინ გიუაშვილი
გამარჯობათ.ჩემი პატარა 2 თვე ნახევრისაა და ძილში შეკრთომა იცის ..ვნერვიულობ რამე საშიში ხომ არაა
გამარჯობა! მხოლოდ ძილში შეკრთომა პათოლოგიას არ წარმოადგენს
ბავშვთა ნევროლოგი
თინათინ გიუაშვილი
გამარჯობათ! მყავს 7თვის ბავშვი.თითქმის 2თვეა დაერღვა ღამირ ძილი.12საათიდან დილის 5საათამდე ჭირვეულობს,იღვიძებს რამდენჯრმე და ხელში აყვანით ვამშვიდებ. ვფიქრობ,აქვს კოლიკა.მყავდა პედიართან და დაგვინიშნა კოლისპასი და დამამშვიდებელი ნოვარესტქიდსი.სამწუხაროდ შედეგი არ გვაქვს.გთხოვთ,მითხრათ რა შეიძლება იყოს ჭირვეულობის მიზეზი და როგორ მოვიქცე. მადლობა!
გამარჯობა, 6 თვის და 3კვირის პატარა მყავს. ვირუსი ჰქონდა და მაღალი სიცხე. უცებ ჭამის დროს გადააბრუნა თვალები და მაშინვე ამოვიყვანე სააწოლიდან,ხელში როგორც მჩვარი ისე იკეცებოდა, მაგ დროს არ ჰქონია სიცხე ოღონდ.ამ სიცხეების მერე აქვს ძილი არეული, ხელში ითხივს დაძინებას და დილითაც ტირილით გაიღვიძა.იქნებ მირჩიოთ რამე?ვერ ვატირებ მეშინია ისევ არ გაღიზიანდეს.მადლობა წინასწარ
მოგესალმებით,
თუ შეგიძლიათ მომცეთ რჩევა:
ჩემი შვილი არის 11 თვის, ბავშვი პირველივე დღეებიდან გამოირჩევა უძილობით, უფრო სწორედ ღამის უძილობით, დღე სძინავს ორჯერ, დაახლოებით 1-1 საათი, მაგრამ ღამით იღვიძებს ძალიან ხშირად და დაძინებასაც არ ჩქარობს 🙂 ყველა გარემო პირობა შესაფერისია და რუტინა გვაქვს საოცარი სიზუსტით დაცული, ნამდვილად ვიცი, რომ არაფერი არ აწუხებს, ანუ როდესაც იღვიძებს არის არაჩვეულებრივ ხასიათზე, მაგრამ მაღელვებს ის, რომ ღამის განმავლობაში ყველაზე მაქსიმუმ 6 საათი სძინავს და მეშინია, რომ მის განვითარებას ამ ფაქტმა ხელი არ შეუშალოს.