ბავშვი 2-დან 3 წლამდე

ზოგადი რჩევები

  • გამოყავით სპეციალური დრო წიგნის წასაკითხად
  • წაახალისეთ ბავშვის წარმოსახვით თამაშებში ჩართვა
  • ითამაშეთ “აღლუმობანა” და გაჰყევით მწყობრში “ლიდერს” თქვენს ბავშვთან ერთად
  • დაეხმარეთ ბავშვს გარემოს შეცნობაში, რისთვისაც ისეირნეთ და იმგზავრეთ ერთად
  • წაახალისეთ ბავშვი, რომ გითხრათ თავისი სახელი და ასაკი
  • ასწავლეთ თქვენს შვილს მარტივი საბავშვო სიმღერა
  • რჩევები მეტყველების განვითარების ხელშეწყობისთვის
  • ბავშვთან საუბარი უნდა იყოს ნელი, მშვიდი, ინტონაციებით მდიდარი და ალერსიანი
  • ბავშვი ლაპარაკს მიბაძვით სწავლობს. ამიტომ მოზრდილი მას უნდა ესაუბროს სწორად და გამართულად, უნდა გამოიყენოს მარტივი ენა და საინტერესო სასაუბრო თემები და მისცეს ბავშვს დრო აზრის ჩამოყალიბებისთვის
  • მშობლემა ყურადღება უნდა მიაქციოს ისეთ საშიშროების ნიშნებს, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა დაავადების მიზეზი იყოს – მაგ. ბავშვი არ ბრუნდება ხმაურის მიმართულებით, ხშირად იფარებს/იდებს ყურზე ხელს. ასეთ შემთხვევებში საჭიროა ექიმია კონსულტაცია

რჩევები მოტორული განვითარების ხელშეწყობისთვის

მოტორული განვითარება ბავშვის უნარია, სხვადასხვა ჯგუფის კუნთების საშუალებით შეასრულოს ესა თუ ის მოძრაობა. მოტორული განვითარება მოიცავს მსხვილ ანუ უხეშ, წვრილ ანუ ნატიფ მოტორიკასა და სენსომოტორულ ანუ მგძნობელობით-მოძრაობით უნარებს. მოტორული სფეროს განვითარების ხელშეწყობისთვის საჭიროა სხვადასხვა მოძრაობითი აქტივობის განხორციელება.

  • ბავშვს უნდა მიეცეს სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის და გაშლილ სივრცეში მოძრაობის შესაძლებლობა
  • მსხვილი მოტორიკის განვითარებისთვის მშობელმა უნდა მისცეს ბავშვს ცოცვის, ხოხვის, სიარულის, სირბილის, აძრომის და სხვ. საშუალება.
  • ნატიფი მოტორიკის განვითარებისთვის კი – ხატვის, წერის, პლასტელინით (ცომით), კუბებით და სხვ. თამაშის საშუალება

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ბავშვთან ერთად შეასრულოს სხვადასხვა აქტივობა. Aამ დროს მშობელი უნდა ესაუბროს მას, განუმარტოს თუ რას აკეთებენ, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვს ისწავლოს სხვადასხვა მოქმედებისა და საგნების დასახელება. მოტორული სფეროს განვითარებისა და თვითმომსახურეობის ჩვევის ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ აქტივობებს, რომლებიც მოითხოვს ხელის მტევნებისა და თითების, ხელებისა და ფეხების აქტიურ მოქმედებას, ასევე ხელ-თვალის კოორდინაციას. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ჩაცმა, ბანაობა, საჭმლის მომზადება, ჭამა, ხატვა, ძერწვა, წერა, სხვადასხვა თამაში, ხოხვა, ცოცვა, სირბილი, ხტუნვა.

რჩევები სოციალური და ემოციური სფეროს განვითარებისთვის

სოციალურ-ემოციური სფერო განსაზღვრავს ბავშვის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებას და ადამიანებთან ურთიერთობას. იგი მოიცავს ბავშვის უნარს შეძლოს საკუთარი გრძნობების გაგება და გამოხატვა, სხვათა გრძნობების გაგება (თანაგრძნობა) და შესაფერისად რეაგირება.

მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვთან დაბადებიდანვე უნდა დაამყაროს შესაბამისი ურთიერთობა, რითაც თავად უნდა შეუწყოს ხელი მისი სოციალური ჩვევების განვითარების სწავლებას და ემოციების რეგულირებას. ბავშვის ემოციური სამყარო სრულიად დამოკიდებულია ოჯახის წევრებს შორის არსებულ ურთიერთობებზე. თუ ოჯახის წევრები გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ სითბოს და სიყვარულს ბავშვიც ბედნიერია და პირიქით თუ ოჯახში დაძაბულობაა, ბავშვს ხშირად უწევს სხვადასხვა პრობლემის გამო ჩხუბის და გაბრაზებული მშობლების ყურება იგი უბედური, გულჩათხრობილი და კარჩაკეტილია.

მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მშვიდი და წყნარი გარემოს უზრუნველყოფა, რაც ხელს უწყობს მათი ემოციების დარეგულირებას, განსაკუთრებით ზედმეტად მორცხვ ან ადვილად აგზნებად ჩვილებთან.

მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს ბავშვს სხვებთან ურთიერთობის დამყარებაში (აღმზრდელი, ოჯახის სხვა წევრები, მასწავლებელი).

ხანგამოშვებით აუცილებელია ბავშვის მარტო დატოვება, რათა მან შეძლოს საკუთარ თავთან თამაში და მიეჩვიოს მარტო ყოფნას. ეს ხელს უწყობს დამოუკიდებლობისა და საკუთარ თავში რწმენის ჩამოყალიბებას. საკუთარ თავთან თამაშის შემდეგ, ბავშვი შეაქეთ და დაასაჩუქრეთ.

უფროსმა თავად უნდა შეუწყოს ხელი ბავშვის სოციალურ ურთიერთობებს სხვა ბავშვებთან, შეაქოს და დაასაჩუქროს, როცა ბავშვი ერთვება სხვებთან თამაშში, გამოხატავს სხვა ბავშვების მიმართ კეთილგანწყობას, ესმის მათი ემოციები.

თუ ბავშვი აგრესიულია სხვა ბავშვების მიმართ, უტყამს, უყვირის, აუცილებელია მის მიმართ საყვედურის გამოთქმა. თუ ბავში ძალიან გაბრაზებულია თავის მეგობრებზე და არ ჩერდება, უფროსმა უნდა მოაცილოს მათ. მოგვიანებით უნდა ასწავლოს სხვადასხვა გზა, როგორ გამოვიდეს არასასურველი სიტუაციიდან. Mმაგ. სთხოვოს დახმარება უფროსს, ან შეწყვიტოს თამაში თუ მას არ მოსწონს. თუ რომელიმე სათამაშოა უსიამოვნების მიზეზი, უფროსმა დროებით უნდა გამოართვას ბავშვებს იგი, როცა ცოტა ხანში დაუბრუნებს, ბავშვები უკვე მზად არიან შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება მის მიმართ.

არ შეიძლება უფროსმა დაარტყას, უჩქმიტოს, თმები მოქაჩოს და ა.შ., იმისთვის, რომ ასწავლოს მას რამდენად ცუდია ასეთი საქციელი და რას გრძნობენ ამ დროს ის ბავშვები, რომელსაც პატარა ურტყამს. უმჯობესია, როცა ბავშვი დაწყნარებულია, ჰკითხონ მას “შენ ვინმემ ხომ არ დაგარტყა, რა იგრძენი ამ დროს, გეტკინა?”, “როგორ ფიქრობ შენს მეგობარსაც ასე ეტკინა შენ რომ დაარტყი?”

მიზანშეწონილია როლური თამაშის გამოყენება, იმისთვის რომ ასწავლონ ბავშვს სხვადასხვა სოციალური ჩვევა, მაგ. როდის თქვას “გამარჯობა” და “ნახვამდის” მეგობრებს ან უფროსებს, რომლებიც მოდიან მასთან სტუმრად.

უფროსმა ბავშვთან უნდა ისაუბროს გრძნობების შესახებ, დაეხმაროს მას გაიგოს იმ სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც ემოციებს გამოხატავს. დაახასიათოს საკუთარი, ან ბავშვის განწყობა “გახარებული ხარ?” “ბედნიერი ხარ?” “მოწყენილი ხარ?”

თუ ბავშვი მშიშარაა და “დედის კალთას” არ სცილდება, აუცილებელია დედისგან განცალკევების შეჩვევა. ბავშვს უნდა აგრძნობინოთ, რომ ის კარგად იქნება მაშინაც, როცა მშობლების გარეშეა. “შენ დღეს ძალიან კარგი დღე გექნება, ძალიან კარგად იქნები უჩემოთ.” უფროსმა ყოველთვის უნდა უთხრას ბავშვს, როდის დაბრუნდება მასთან და ეს დაუკავშიროს მისთვის ადვილად გასაგებ მოვლენას: “მე დავბრუნდები საუზმის შემდეგ”, ასეთი დამოკიდებულება ხელს უწყობს ბავშვს დროის შეგრძნების განვითარებას.

სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანია მშობლებმა კარგი მაგალითი აჩვენონ ბავშვს როგორც ერთმანეთთან, ისე ოჯახის სხვა წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში.

თამაში

ბავშვისთვის თამაში მხოლოდ გართობა არ არის, თამაში მისი გონებრივი, მოტორული განვითარებისა და სამყაროს შეცნობის აუცლებელი პირობაა. მშობელმა უნდა იცოდეს, რა პრინციპებით ისარგებლოს ბავშვის თამაშის ხელშეწყობისთვის.

  • მშობელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვი სათამაშოებით
  • სათამაშოები და თამაში უნდა შეირჩეს ასაკის გათვალისწინებით
  • სათამაშო უნდა იყოს უსაფრთხო
  • ერთი და იგივე სათამაშო ბავშვისთვის მოსაბეზრებელია. ბავშვისთვის მნიშვნელობა არა აქვს სათამაშოს ღირებულებას, იგი კარგად ერთობა ხელნაკეთი სათამაშოებითაც
  • ბავშვი უსაფრთხო გარემოში უნდა თამაშობდეს
  • სასურველია უფროსი ჩაერთოს ბავშთან თამაშის პროცეში, Mთუმცა არ უნდა შეასრულოს ლიდერის როლი

დისციპლინა

ბავშვის დისციპლინის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, დაახლოებით, 18 თვიდან უნდა დაიწყოს. Mმშობელმა უნდა იცოდეს, რომ ამ ასაკამდე ბავშვს არ შეუძლია ცუდად მოქცევა, რადგან მან ჯერ კიდევ არ იცის ცუდი და კარგი საქციელის გარჩევა.

  • ბავშვის დისციპლინის ჩამოყალიბება ორ ძირითად ფენომენს ეფუძნება – ,,მიბაძვა” და ,,მაგალითი’’
  • ბავშვი ბაძავს უფროსის ქცევას. იმისთვის რომ ხელი შეუწყონ ბავშვის დისციპლინის ჩამოყალიბებას, მას ყოველთვის კარგი მაგალითი უნდა მისცენ
  • ბავშვი კარგი საქციელის მიბაძვით უკეთ სწავლობს, ვიდრე შეგონებით
  • არ არის რეკომენდებული ბავშვის ფიზიკური დასჯა და შეურაცხყოფა, ასეთი დამოკიდებულება ხელს უწყობს ბავშვის აგრესიას და საკუთარი თავში ჩაკეტვას
  • მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვის ფიზიკურმა დასჯამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას
  • რეკომენდებულია ბავშვისთვსის გასაგები, მინიმალური აკრძალვების დაწესება
  • 1-5 წლამდე ასაკის ბავშვის დასჯის ეფექტური მეთოდია ,,ტაიმ-აუტი”- ბავშვი ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ერთ ადგილზე მშვიდად უნდა იჯდეს ან იდგეს გარემოსაგან იზოლირებული. მას არავინ არ უნდა ელაპარაკებოდეს. ტაიმ-აუტი გრძელდება იმდენი წუთი, რამდენი წლისაც არის ბავშვი

ტუალეტის ჩვევა

საჭიროა ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბებაზე ადრეული ასაკიდან იზრუნოთ.

დეფეკაციის და შარდვის კონტროლის უნარის ჩამოყალიბება 18-24 თვიდან იწყება და ბავშვი მზად არის გადაყენებისთვის თუ:

  • მისი საფენი 2-3 საათი მშრალია
  • არ სიამოვნებს ჭუჭყიანი საფენის დანახვა
  • ასრულებს უფროსის მარტივ მოთხოვნებს მაგ. ,,მოდი’’, ,,აიღე’’, ,,მომეცი’’

აღნიშნული პერიოდი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვი მიაჩვიონ ქოთნის გამოყენებას.

  • ბავშვი ქოთანზე უნდა დასვან ყველა ჭამისა და გაღვიძების შემდეგ, ასევე დაძინების წინ
  • არ არის რეკომენდებული ქოთანზე ბავშვის დიდხანს გაჩერება
  • უფროსმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ზოგი ადვილად სწავლობს ქოთნის გამოყენებას, ზოგი ძნელად
  • იშვიათი “მარცხი” დასაშვებია 5 წლამდე, განსაკუთრებით თუ ბავშვმა ბევრი სითხე დალია, ან ძალიან გაერთო თამაშით
  • თუ უნებლიე შარდვა აღინიშნება 5 წლის შემდეგ, საშუალოდ კვირაში ორჯერ, მშობელმა უნდა მიმართოს სპეციალისტს
  • დაუშვებელია ბავშვის დასჯა და შეურაცხყოფა

3 წლის კრიზისი

2-3 წლამდე ასაკში ბავშვის ქცევაში მშობლები სერიოზულ სირთულეებს აწყდებიან. მანამდე მშვიდი, წყნარი და დამჯერი ბავშვი უეცრად ჯიუტ და ჭირვეულ არსებად იქცევა. ბავშვი სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს უფროსის მოთხოვნებს და საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას ყველანაირად ცდილობს.

მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვის ასეთი ცვლილება ამ ასაკისთვის დამახასიათებელია. ეს უკავშირდება ბავშვის პიროვნების ფორმირების პროცესს, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას და თვითდამკვიდრების სურვილს.

ეს პერიოდი “3 წლის კრიზისის” სახელით არის ცნობილი და მალე გაივლის. პიროვნების ფორმირების პროცესში დიდ როლს ასრულებს ბავშვის ემოცია, რომელიც ამ პერიოდში შესაძლოა ბავშვის შიშების საფუძველი გახდეს. პრობლემების გადალახვა შესაძლებელია, თუ მშობელი სერიოზულ მოთმინებას და ტაქტს გამოიჩენს.

ბავშვს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი მოქმედების შესაძლებლობა, რითაც იგი სწავლობს პირველი დაბრკოლებების გადალახვას და რაც მას ეხმარება ნებისყოფის გამომუშავებაში.

  • თუ ბავშვი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს დაბრკოლების დაძლევას, უფროსი უნდა დაეხმაროს მას.
  • გაუმართლებელია ბავშვისთვის გაუგებარი და ხშირი აკრძალვების დაწესება.
  • ამ ასაკში ბავშვის არასასურველი ქცევის აღკვეთის საუკეთესო გზა მისი ყურადღების სხვა რამეზე გადართვაა.
  • უცილებელია შენიშვნის დროული მიცემა, რათა ბავშვმა საქციელი და შენიშვნა ერთმანეთს დაუკავშიროს.
  • აუცილებელია 2-3 მარტივი აკრძალვის დაწესება და ოჯახის წევრების შეთანხმება აკრძალვის წესებზე.
  • არასწორი საქციელის გამო ბავშვს შენიშვნა ნებისმიერმა უფროსმა უნდა მისცეს.

უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ ბავშვს განვითარებისთვის უსაფრთხო გარემო ესაჭიროება. ბავშვის ბანაობის, ძილის, თამაშისა და მანქანით მგზავრობის დროს უფროსმა უნდა დაიცვას უსაფრთხოების წესები, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის უსაფრთხოებას და დაიცვას იგი დაზიანებისგან.

მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვს ასაკის მატებასთან ერთად მეტი ყურადღება ესაჭიროება. უსაფრთხოების წესების დაცვა ტრავმების და სხვა დაზიანების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა.

  • ბავშვის საწოლი უნდა იყოს უსაფრთხო
  • აბაზანაში არ შეიძლება ბავშვის მარტო დატოვება
  • წამლები, ელექტრომოწყობილობა, ბასრი და წვრილი ნივთები, ქიმიური საშუალებები ბავშვისთვის ხელმიუწვდომელი უნდა იყოს
  • არ შეიძლება ბავშვის მარტო დატოვება შინაურ ცხოველებთან და მცირე ასაკის და-ძმასთან
  • მანქანით მგზავრობისას საჭიროა სპეციალური სკამის გამოყენება, არ შეიძლება მანქანაში ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება
  • არ არის რეკომენდებული ბავშვის მზეზე დიდხანს გაჩერება ან სეირნობისას უმეთვალყურეოდ დატოვება