ძილის პრობლემები 3-5 წლის ასაკში

Sopoსკოლამდელ ასაკში ბავშვს დაახლოებით 9-10 საათი ძინავს დღე-ღამეში (ღამის ძილი + დღის ძილი). ძილის ხანგრძლივობა ყველა ბავშვისათვის ინდივიდუალურია, თუმცა ყველა მათგანს ყოველდღე ერთი და იგივე დრო უნდა ეძინოს.

ბავშვების უმრავლესობა 3-5 წლის ასაკიდან აღარ იძინებენ დღისით. ამ ასაკში ზოგიერთი ბავშვი ჯერ კიდევ რამდენიმეჯერ იღვიძებს ღამით და ეს ნორმის ვარიანტია, თუმცა ის ბავშვები, რომლებიც დამოუკიდებლად დაძინებას არიან შეჩვეულები, მოზრდილების დახმარების გარეშე იბრუნებენ ძილს.

წინასასკოლო ასაკში საკმაოდ ხშირია ისეთი ძილის დარღვევები, როგორიცაა ღამის შიშები და ღამის კოშმარები. ღამის შიშები და კოშმარები, როგორც წესი, ასაკდამოკიდებულია და წარმოადგენს ბავშვის განვითარების ერთ-ერთ ეტაპს. ის ასაკის მომატებასთან ერთად უკვალოდ ქრება.

სომნამბულიზმიც (ძილში სიარული) ასევე ამ ასაკში გამოვლინდება. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ღამით ხვრინვა ასევე ხშირია ამ ასაკში და ძილის აპნოეს ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს (ამიტომ საყურადღებოა).

როგორ უნდა დაეხმაროთ ბავშვს სწორიძილის ჩამოყალიბებაში?

ძილის განრიგი: ბავშვი ყოველთვის ერთსა და იმავე დროს დააწვინეთ დასაძინებლად როგორც დღის, ასევე ღამის ძილისთვის.

სამუშაო და დასვენების დღეებში დაძინება-გაღვიძების საათებს შორის განსხვავება არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს.

ეცადეთ ბავშვმა დროზე (არაუგვიანეს 21.00. სთ) დაიძინოს, რათა მოასწროს სრულყოფილად გამოძინება.

დაძინების რუტინა: ყოველ საღამოს დაძინებამდე 20-30 წუთი დაუთმეთ რუტინულ აქტივობებს, რომელიც ყოველ საღამოს ერთნაირი იქნება.

ეს შეიძლება იყოს მშვიდი თამაში, ზღაპრის მოყოლა, წიგნის კითხვა. ეს აქტივობები ყოველთვის შეასრულეთ საძინებელში, სადაც იქნება სუსტი განათება.

საძინებელი: ეცადეთ ბავშვის საძინებელი იყოს მოხერხებული და მშვიდი. ღამით დატოვეთ სუსტი ღამის განათება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩააბნელოთ სრულად.

ეცადეთ ოთახოს ტემპერატურა არ იყოს 23 გრადუსზე მეტი. არასოდეს არ გამოიყენოთ ბავშვის საძინებელი მის დასასჯელად.

დაუწესეთ ლიმიტი: თუკი თქვენი ბავშვი ცდილობს თავი აარიდოს დაძინებას და ახანგრძლივებს დაძინების წინ აქტივობებს, უმჯობესია თუ გარკვეულ ლიმიტს დაუწესებთ, მაგალითად მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის ზღაპარს წაუკითხავთ.

მსუბუქი ვახშამი: არასოდეს დააწვინოთ ბავშვი მშიერი. ყოველთვის შესთავაზეთ მსუბუქი ვახშამი (მაგალითად რძე და ფუნთუშა).

დაძინებამდე 1-2 საათით ადრე მოარიდეთ ნოყიერ ვახშამს.

კოფეინი: მოარიდეთ ბავშვს კოფეინი დაძინებამდე სულ ცოტა 3-4 საათის განმავლობაში, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუკი კოფეინს საერთოდ ამოიღებთ პატარას რაციონიდან.

კოფეინს შეიცავს ყავა, სხვადასხვა მატონიზირებელი სასმელი, ცივი ჩაი და შოკოლადი.

საღამოს აქტივობები: ეცადეთ, რომ დაძინებამდე 1 საათის განმავლობაში თქვენი ბავშვი იყოს მაქსიმალურად მშვიდად. მოარიდეთ აქტიურ და ხმაურიან, ასევე კომპიუტერულ თამაშებს.

ტელევიზორი: გამოიტანეთ ტელევიზორი ბავშვის საძინებელი ოთახიდან და მაქსიმალურად ეცადეთ არ უყუროს ტელევიზორს დაძინებამდე 1 საათის განმავლობაში. ასევე, გამოიტანეთ საძინებლიდან კომპიუტერი, ტელეფონი და სხვა საოჯახო ტექნიკა.

დღის ძილი: დღის ძილი დაგეგმეთ თქვენი ბავშვის ასაკის და მოთხოვნილების მიხედვით. თუკი ბავშვს დღისით ბევრი ძინავს, ის ღამით კარგად ვეღარ დაიძინებს.

ვარჯიში: პატარამ დღის გარკვეული ნაწილი უნდა გაატაროს სუფთა ჰაერზე და კარგი იქნება თუ მსუბუქი ფიზკულტურით იქნება დაკავებული.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ:

•  პატარას აღენიშნება ხმაურიანი სუნთქვა, ხვრინვა ან სხვა რაიმე სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები.

•  ბავშვი მისთვის უჩვეულოდ იღვიძებს ღამით ან ახასიათებს ღამის შიშები.

•  ბავშვს უკანასკნელ პერიოდში გაუჩნდა ჩაძინებასთან დაკავშირებული პრობლემები, მისი ძილი გახდა ხანმოკლე და შეეცვალა ხასიათი დღისით.

    22 კომენტარი
  1. Nino says:

    გამარჯობათ მყავს 3 ლის ბავშვი საერთოდ აღარ იძინებს შუადღეს ღამითაც გვიან იძინებს .რა შეიძლება მივცე დამამშვიდებელი რომ დაარეგულიროს ძილი მადლობა გთხოვთ გამცეთ პასუხი

    • ნინო თარხნიშვილი says:

      მოგესალმებით, ნინო
      3 წლის ბავშვისთვის დღის ძილი არ არის აუცილებელი, რაც შეეხება ღამის ძილს, მისი წამლით დარეგულირება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. აუცილებელია ბავშვს ჩამოუყალიბოთ ძილის რუტინა, რაც ნიშნავს ძილის წინა პერიოდში ერთი და იგივე მოქმედებების რუტინულად შესრულებას ყოველდღიურად, ერთი და იგივე თანმიმდევრობით, მაგალითად აბაზანა, კვება, მშვიდი მუსიკის მოსმენა, რაიმეს წაკითხვა და ა.შ. ბავშვი საძინებელ ოთახში არ უნდა შეიყვანოთ რეალურ ძილამდე 30წთ-ით ადრე.
      ნინო თარხნიშვილი
      ბავშვთა ნევროლოგი

  2. ნათია says:

    მადლობა.. ნეიროფსიქოლოგთან კონსულტაციაზე ბავშვის მიყვანა სავალდებულოა?ანუ გასაუბრება მინდა ბავშვის თაობაზე ..

  3. ლიკა ბუწაშვილი says:

    ნათია, გამარჯობა. ახალი ჩვევის ჩამოყალიბება ან იმას გადაჩვევა, რაც ბავშვისთვის სასიამოვნოა, როგორც წესი, ბავშვის გაღიზიანებას იწვევს. ამიტომაც, შესაძლო ამასაც უკავშირდებოდეს გახშირებული ტირილის ეპიზოდები. ასევე, როდესაც მეტყველების განვითარება შეფერხებით მიმდინარეობს, ბავშვები პროტესტს ხშირად არაადექვატურად გამოხატავენ – ტირილით, ყვირილით და ა.შ. თუმცა, არ არსებობს “უმიზეზო” ტირილი. აუცილებლად იქნება რაიმე მიზეზი, რის გამოც ბავშვი ტირის. გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან, რათა შესწავლილ იქნას თქვენი შვილის მდგომარეობა და მიიღოთ დეტალური რეკომენდაციები.
    ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი

  4. ნათია says:

    გამარჯობა..ჩემი ბიჭი ორი წლის და ცხრა თვის არის..არ ლაპარაკობს..ამ ბოლო დროს უმიზეზოდ ტირის..ძირს გაგორდება და არაფერი არ აწყნარებს..აქამდე მულტფილმს ურთავდი და ისე ჭამდა..ამ ბოლო დროს ვცდილობ გადავაჩვიო და ალბათ ამას აპროტესტებს..დღე არ იძინებს..ღამე თუ ადრე დაიძინა შუა ღამტსას ეღვიძება და შეიძლება ორი საათი ეღვიძოს..როგორ მოვიქცე?

  5. სალომე says:

    მომეწონა თქვენი საიტი. საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას ვეცნობი. მადლობთ. გისურვებთ წარმატებებს.

  6. nino says:

    chemi pasuxebi ver vnaxe .

  7. ლიკა ბუწაშვილი says:

    ნათია, თუ ბავშვის განვითარება თითქმის ყველა სფეროში შეფერხებით მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მეტყველებაც შეფერხებით მოდის. თუმცა, შესაძლოა ბავშვი სხვა სფეროებში, როგორიცაა მოტორული განვითარება, ემოციური და სოციალური განვითარება – მიჰყვებოდეს ასაკით გათვალისწინებულ ნორმებს, თუმცა ამ ფონზე მეტყველებაში ჰქონდეს სირთულეები. ამ დროს უკვე ცალკეულად რეცეპტული მეტყველების შეფერხებაზე ან დარღვევაზე ვსაუბრობთ. ამ და სხვა ტიპის დარღვევებზე სხვადასხვა ცენტრი მუშაობს. შემიძლია ჩვენი ცენტრის კოორდინატები მოგაწოდოთ, სადაც შეგიძლიათ სრული დიაგნოსტირების გავლა. ეს გახლავთ ნეიროგანვითარების ცენტრი. ლუბლიანას 2/6 568 013399 – კოორდინატორის ნომერია, რომელთანაც შეგიძლიათ ჩაეწეროთ კონსულტაციაზე ექიმთან, რომელიც საჭიროებისდა მიხედვით შეფასების პროცესში ჩართავს სხვადასხვა სპეციალისტს.

  8. ნათია says:

    ლიკა, თქვენს ერთ კომენტარში წერთ, რეცეპტული მეტყველების შეფერხება და ფსიქიკური ფუნქციის დარღვევა განსხვავებული სხვადასხვა დიაგნოზებიაო. მაინტერესებს რამდენად კვეთს ისინი ერთმანეთს,რადგან ჩემს შვილსაც ეს დიაგნოზი დაუსვეს, რეცეპტული მეტყველების დარღვევა, ფსიქიკური განვითარების შეფერხება. 2 წლის ასაკში გამოვიკვლიეთ გაგოშიძის ცენტრში. ეხლა 2 წლის და 10 თვისაა, ბათუმში ვცხივრობთ და კიდევ ერთხელ მინდა შევამოწმო. თქვენ რას მირჩევთ, სად შეიძლება მივიყვანო?

  9. ლიკა ბუწაშვილი says:

    ქალბატონო გულიკო, გამარჯობა.

    გირჩევთ პირველ რიგში მიმართოთ ექიმს იმისათვის, რათა შეფასდეს სამედიცინო მხარე. ამის შემდგომ კი ექიმი გადაგამისამართებთ ფსიქოლოგთან ბავშვის ემოციური მდგომარეობის გამოკვლევის მიზნით. ხშირად, ისეთ შემთხვევებში, როდესაც ბავშვს გამომუშავებული ჰქონდა ტუალეტის ჩვევა და ამის შემდგომ იწყებს ჩასვრას, ვხვდებით ემოციურ სფეროში პრობლემებს, რომლებიც მუშაობას მოითხოვს. გირჩევთ არ დააყოვნოთ და მიმართოთ სპეციალისტებს.
    ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი.

  10. გულიკო says:

    გამარჯობა, ჩემი გოგონა 3,3საა, და ამ ბოლო დროს, ასე 2 კვირა იქნება (ადრე არ ახასიათებდა), რაც საწოლში ჩასვრა დაიწყო, ხან დღისით, ხან ღამით. ვიდრე დავაძინებ, ყოველთვის საპირფარეშოში გამყავს, მაგრამ მაინც ეპარება… მიირჩიეთ რამე, მადლობა წინასწარ

  11. მედეა ზირაქაშვილი says:

    მოგესალმებით ნანა,
    თქვენი წერილი რამოდენიმე პრობლემას ეხება და შევეცდები ეტაპობრივად გიპასუხოთ;
    1) მნიშვნელოვანია მივაქციოთ ყურადღება თუ რა დატვირთვა აქვს 3,2 წლის ბავშვის მეტყველებას, რომელიც 2-3 სიტყვიანი წინადადებების წარმოთქმას ახერხებს,ანუ:მეტყველება ემსახურება კომუნიკაციურ ფუნქციას,თუ სახელდებას,ან მხოლოდ მოთხოვნის გაჟღერებას. ხომ არ იმეორებს სხვის გაგონილ ფრაზებს მყისიერად,ან წარსულში გაგონილი ფრაზებით ციტირებს.
    2) ბავშვის საკვები რაციონი მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ადექვატურად, თუ ბავშვის წონა და სიმაღლე შეესაბამება ასაკობრივ ნორმას(ზრდის და წონის ჩარტებში), ხშირად მშობლები ავლენენ ჰიპერმზრუნველობას და საკუთარი მოთხოვნებით საზღვრავენ ბავშის საჭიროებებს:)
    3) რაც შეეხება კბილების კრაჭუნს,რასაც სამედიცინო ენაზე ბრუქსიზმი ქვია, არანაირ ჩარევას არ საჭიროებს, უხშირესად მისი ეტიოლოგია დაუდგენელია და ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში, ერთადერთი აუცილებელია განისაზღვროს მისი სიმძიმე,ხომ არ იწვევს კბილის მინანქრის დაზიანებას,რისთვისაც სპეციალური დამცავი პლასტიკატები გამოიყენება.
    მეტი სიცხადისთვის გირჩევდით,რომ მოგემართათ ნეიროგანვითარების ცენტრისთვის, სადაც დეტალებზე მეტი ჩაღრმავების საშუალება გვექნებოდა, როგორც დიაგნოსტიკის და შეფასების, ასევე რეკომენდაციების მოცემის თვალსაზრისით.
    პატივისცემით:
    მედეა ზირაქაშვილი, ბავშვთა ნევროლოგი/ფსიქიატრი.ნეიროგანვითარების ცენტრი

  12. ნანა says:

    გამარჯობათ. მყავს 3.2 წლის ბიჭი, ლაპარაკით ვერ ლაპარაკობს გამართულად, მყავდა ნეიროფსიქოლოგთან, მეტყველების გამო განვითარების შეფერხება აქვს მინიმალური, თან ამ ბოლო დროს სადილებს საერთოდ ვერ ვაჭმევ, ნევროლოგმა არააო პრობლემაო დღის განმავლობაში რაც სჭირდება იღებსო, ანუ რზე, ხაჭო, ფუნთუშა და ასე შემდეგ ისიც ყოველთვის არა, ანუ არჩევითად არ იკვებება, პირიქით არაფერი არ უყვარს ხან რას შეჭამს ხან რას. პედიატრი მეუბნება შეიძლება რომ ვერ ლაპარაკობსო პროტესტის ნიშნად არ ჭამსო. ბავშვი გამართულად ვერ ლაპარაკობს, მაგრამ რაღაცეებს ამბობს, ორ სიტყვიან წინადადებას ამბობს, სამიანსაცა აბავს ამ ბოლო დროს, მაინტერესებს ეს შეიძლება იმის მიზეზი იყოს რომ ბავშვი საჭმელს არ ჭამდეს? პირში ლუკმის ჩადება არ უნდა, თუ რამე ახალს შევთავაზებ ჩაიდებს პირში გემოს გაუსინჯავს თუ მოეწონა შეჭამს თუ არა უკან გადმომიგდებს, ძალიან ვნერვიულობ, თებერვლის ბოლოს სრულიად უმიზეზოდ მაღალი სიცხე ჰქონდა პირველად, მხოლოდ ერთი დღე, ექიმმა ასეთი ვირუსებიაო მხოლოდ სიცხეები აქვთო ბავშვებსო, მაგის მერე საერთოდ არაფრის ჭამა აღარ უნდა. მანამდე კი კარგად ჭამდა. იქნებ მირჩიოთ რამე ძალია ნ განვიცდი. კბილებსაც აკრაჭუნებს ძილში ძალიან, ჭიებზე რამდენჯერმე ჩავაბარეთ ანალიზი და არ ყავს, მე ვფიქრობ რომ ეს ნერვული არის დღეს დაძინებამდეც აკრაჭუნებდა რომ ვეკითხებოდი რატომ აკეთებდა, მეთქი რამე ხომ არ გტკივა ან გაწუხებსთქო და მეუბნებოდა არაო. ეს პირველი შემთხვევა იყო როცა დღის განმავლობაში დააკრაჭუნა კბილები ძირითადად ძილში აკრაჭუნებს და ესეც ძალიან მაშფოთებს. ძალიან გთხოვთ ჩემი კომენტარი უყურადღებოდ არ დატოვოღ. წინასწარ დიდი მადლობა.

  13. ლიკა ბუწაშვილი says:

    ქეთი, მოგესალმებით.
    თქვენ აღნიშნავთ, რომ ბევრ რამეში ატყობთ შედეგს 1 თვიანი მუშაობის ფონზე. ეს დამაიმედებელია. რაც შეეხება რეცეპტული მეტყველების დარღვევის დიაგნოზს, ასევე მიუთითებთ, რომ ფსიქიკური ფუნქციების განვითარება შეფერხებულია. ეს ორი სხვადასხვა დიაგნოზია და ურთიერთგამომრიცხავი – თუ რეცეპტული მეტყველების დარღვევა გავქვს სახეზე, ბავშვის გონებრივი განვითარება აუცილებლად ნორმის ფარგლებში უნდა თავსდებოდეს. შესაბამისად, სავარაუდოდ, დიაგნოზის ზუსტი ფორმულირება არ გახსოვთ. იქნებ დააზუსტოთ და შემდეგ მოგვწეროთ. ასევე, იქნებ დააკონკრეტოთ, თქვენს ხელს მხოლოდ წიგნში საგნების მისათითებლად იყენებს თუ სხვა შემთხვევებშიც ამგვარად იქცევა? ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ შევძლებ რეკომენდაციების მეტად სრულად მოწოდებას.

    ლიკა ბუწაშვილი. ფსიქოლოგი. ნეიროგანვითარების ცენტრი.

  14. ქეთი says:

    გამარჯობათ თქვენი რჩევით მივიყვანე ბავშვი ნეიროფსიქოლოგთან …მითხრეს რეცეპტული მეტყველების დარღვევა …ფსიქიკური განვითარების შეფერხება სასჰუალო ხარისხი…ერთი თვეა რაც ვაასრულებთ დავალებებს ბევრ რაგაცაში ვატყობ შედეგს უფრო ყურადღებიანი გახდა მისმენს ვთამაშობთ და ასე შემდეგ ….ძალიან დაინტერესდა წიგნებით …ადრე არასდროს გვისარგებლია.. ///მაგრამ თითს არ ადებს რაზეც ვეკითხები რახან მე ვეუბნები თვლის რომ მე უნდა დავადო ? ვერ გავიგე მაგ .ვეტყვი ეს სად არის აიგებს ჩემ ხელს და ისე მაჩვენებს რომ ვეუბნები შენ დაადე მეწინააღმდეგება მიეჩვია შეიძლება ? …არ ვიც რა გავაკეთო ….მეორე ბავშვი მყავს 6თვის მისი დაბადების შემდეგ წავიყვანე ბაღში მალე გამოვიყვანე იმის მერე არ ვიცი ეგონა რომ სახლიდან გავაგდეთ პატარას გამო ძალიან შეიცვალა სულ მოწყენოილი დადიოდა ….ეს სერიოზული დარღვევაა ?გთხოვთ მომწერეთ ძალიან ცუდად ვარ ……მადლობა წინასწარ ….

  15. ნანა ტატიშვილი says:

    ნუ ინერვიულებთ,პერიოდულად აქვთ ბავშვებს ასეთი პრობლემები. წამალი როგორც წელი არ იძლევა შედეგს. ამსაიტზე რეკომენდაციებს ალბათ გაეცანით. ეცადეთ გამოიყენოთ. უცებ დროს ვერ შეცვლით. მცოცავად გადაიტანეთ დრო. ჯერ დააძინეთ ორის ნახევარზე, რომ გამყარდება ეს ჩვევა, შემდეგ 1ზე, 12.30 და ასე თანდათან მიხვალთ სასურველ დროზე. დიდი მოთმიმებაა საჭირო. გასათვალისწინებელია ოჯახური ანამნეზი ძილის. თუ დედას ან მამას ცუდი ძილი ჰქონდა შეიძლება შვილს იგივე ჰქონდეს

  16. რუსუდანი says:

    მყავს 3ცლის და 8ტვის ბავშვი,ძილთან დაკავშირებიტ გვაქვს პრობლემები,იძინებს Gამის 2 სთ-ის მერე,გთხოვტ მირჩიოტ რამე…თითქმის ყველაპერი ვცადე…

  17. თამუნა says:

    გამარჯობა, ჩემი შვილი 3 წლის ხდება, ეს ბოლო დღეებია უჭირს დღისით დაძინება, ხანდახან საერთოდ არ იძინებს, ღამით ნორმალურად, 9ზე იძIნებს და ძინავს 10-11 საათი, მაინტერესებს, რამდენად საკმარისია მხოლოდ ღამის ძილი და ეს ნერვულ სისტემაზე ხომ არ იმოქმედებს. აქტიური ბავშვია, მღერის, ცეკვავს, უკრავს, ლაპარაკობს 2 ენაზე, ამით იმის თქმა მინდა რომ დღის მანძილზე უგროვდება ბევრი ინფორმაცია უნებურად, იქნებ ამის ბრალია რომ ვერ ამშვიდდება შუადღეს…ძილის დროს ყოველთვის ვუწვები გვერდით და ისე იძინებს (ძუძუს ცოტა ხნით იდებს პირში, უფრო როგორც დამამშვიდებელი )
    2 კვირის წინს მძიმე ვირუსი შეხვდა, ბაღში არ დამყავს ჯერ.

    • Maia says:

      3 წლის ბავშვს დღე-ღამის განმავლობაში უნდა ეძინოს საშუალოდ 11-13 საათი. არ არის აუცილებელი, რომ ის დღისითაც იძინებდეს. ძილის ხანგრძლივობა ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალურია. უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ ამავე საიტზე არსებულ ინფორმაციას 1-3 წლის ბავშვის ძილის პრობლემების შესახებ.

  18. ნინო says:

    გამარჯობათ,ჩემი პატარა ორი წლისაა და ძილში ახასიათებს ხრინვა,რისი ბრალი შეიძლება იყოს?

    • Maia says:

      ქალბატონო ნინო,
      ჩვილებს ხშირად ახასიათებთ ხმაურიანი სუნთქვა, რისის მიზეზიც არის ხოლმე ვიწრო ჰაერგამტარ გზებში ჰაერის ნაკადის ჭავლით გამოწვეული რბილი ქსოვილების ვიბრირება. ასაკთან ერთად ამ გზების დიამეტრი მატულობს და ხმაურიანი სუნთქვაც იკლებს. თუ თქვენ ჩვილს 2 წლის ასაკში ჯერ კიდევ აღენიშნება ხმაურიანი სუნთქვა, სჯობს მიმართოთ ყელ-ყურის-ცხვირის ექიმს.

  19. მარიკა says:

    მოგესალმებით, ძალიან სასარგებლო ინფორმაციას გავეცანი თქვენს საიტზე,ძალიან მომეწონა და აუცილებლად თვალყურს ვადევნებ თქვენს საიტზე განთავსებულ ახალ ინფორმაციებს,

დატოვეთ კომენტარი

შემოგვიერთდით

ვებგვერდის სპონსორები